Thumbnail

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტრადიციულად, ფავორიტის რანგში მიდის, თუმცა გულშემატკივარს ალბათ არცერთ გრანდთან მიმართებაში არ უჩნდება იმდენი კითხვა, რამდენიც ლეო მესის გუნდთან დაკავშირებით.

შემადგენლობა

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ახდენს. გუნდი დაბალანსებული აშკარად არ არის. ალბათ არცერთ ნაკრებს არ ჰყავს იმდენი ვარსკვლავური შემტევი, რამდენიც არგენტინას. თუმცა, ცალკეული პოზიციები, განსაკუთრებით კი დაცვით ხაზსა და ნახევარდაცვის დაცვით ნაწილში, ბევრ კითხვას აჩენს. ხშირია შემთხვევა, როდესაც “ალბისელესტეს” შემადგენლობაში ფეხბურთში არცთუ ისე ღრმად ჩახედული გულშემატკივარი რამდენიმე დიდი ვარსკვლავის გვერდით მისთვის, სრულიად უცხო ფეხბურთელებსაც ხედავს. შემადგენლობის ბალანსი არგენტინისთვის დიდი პრობლემაა.

წარუმატებელი შესარჩევი ციკლისა და მწვრთნელის ცვლილების გამო, არგენტინის ნაკრების შემადგენლობა და ფორმაცია მეტისმეტად ხშირად იცვლებოდა. დაზუსტებით თქმა, თუ რა შემადგენლობას გამოიყვანს სამპაოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე და როგორ ითამაშებს ეს გუნდი, ძალიან რთულია. “ალბისელესტე” ფორს-მაჟორულ მდგომარეობაშია და სამპაოლის გუნდის მშენებლობა გზადაგზა უწევს.

მეკარე

არგენტინის ნაკრებს დიდი დანაკლისი აქვს მეკარის პოზიციაზე. წლების მანძილზე არგენტინის ნაკრების ძირითადი გოლკიპერი ქარიზმატული სერხიო რომერო იყო. რომეროს მანჩესტერ იუნაიტედში  ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევენ, თუმცა იგი არგენტინელ გულშემატკივართა შორის პოპულარული ფიგურაა. წინა მუნდიალზე სწორედ „ჩიკიტო“ იყო არგენტინის ნაკრების მეკარე, კარს საიმედოდ იცავდა და ნახევარფინალში ჰოლანდიასთან თერთმეტრიანების სერია, ფაქტობრივად, მარტომ მოიგო. მის ანგარიშზე ორი აღებული პენალტი იყო.

რომეროს ნაცვლად კარში ვეტერანი ვილი კაბალიერო დადგება. კაბალიერო 36 წლის არის და ძალიან გამოცდილი მეკარეა. მისი უმთავრესი მინუსი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა - ბოლო ორი სეზონი მან ჩელსის სათადარიგო სკამზე გაატარა და პრემიერლიგაში მხოლოდ სამი თამაში ითამაშა, იქამდე კი მანჩესტერ სიტის თადარიგში იჯდა მთელი სამი წლის მანძილზე და მხოლოდ სათასო ტურნირებზე თამაშობდა. ძალიან ცოტა თამაშები აქვს მას ჩატარებული არგენტინის ნაკრებშიც.

რომეროს ტრავმის მერე, შეიძლება ითქვას, რომ მეკარე არგენტინისთვის პრობლემური პოზიცია იქნება. მათ კარებს ის გოლკიპერი დაიცავს, რომელსაც უკვე ხუთი წელია არ ჰქონია სტაბილური სათამაშო პრაქტიკა და არც დიდ სანაკრებო ტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვს.

კაბალიერის უმთავრესი პლიუსი პენალტების აღების უნარია. მან თავის გუნდებს რამდენჯერმე მოუტანა გამარჯვება მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში აღებული დარტყმებით და თერთმეტრიანების სპეციალისტად მიიჩნევა.
 

დაცვის ხაზი

დაცვაში სამპაოლი ორი შესაძლო სქემით თამაშობს. ერთი ვარიანტის მიხედვით, რომელსაც სამპაოლი შემოდგომაზე, შესარჩევი თამაშების დროს იყენებდა, “ალბისელესტეს” სამი ცენტრალური მცველი ჰყავს, თითოეულ ფლანგს მხოლოდ ერთი მოთამაშე აკონტროლებს, რომელიც დაცვით ფაზაში ცენტრალური მცველების ხაზზე თამაშობს და არგენტინას იდეალურ შემთხვევაში 5 მცველი უნდა ჰყავდეს. ამ შემთხვევაში გუნდს 3-5-2 ან 3-4-3 ფორმაცია აქვს (როგორც მაგალითად, ეკვადორთან გადამწყვეტი შესარჩევი შეხვედრა).

მეორე ვარიანტი, რომელიც სამპაოლიმ გაზაფხულზე ამხანაგურ შეხვედრებში გამოიყენა, უფრო სტანდარტულია და მისი მიხედვით, სამპაოლის ოთხი მცველი ჰყავს.

ხშირად იცვლებოდა სახელებიც არგენტინის დაცვაში. სტაბილურად მხოლოდ ნიკოლას ოტამენდი თამაშობს, რომელიც, თუ ტრამვირებული არ არის, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაშია. ოტამენდის მანჩესტერ სიტიში კარგი სეზონი ჰქონდა. მის ძლიერ მხარეთა შორის შედის პასით თამაშის უნარი და იგი კარგად იწყებს შეტევას. ამავე დროს, ოტამენდი ძლიერია ორთაბრძოლებში და მცველისთვის არცთუ ისე დიდი სიმაღლის მიუხედავად (1.83 მ.) კარგად თამაშობს თავით. ოტამენდისთან ერთად, “ალბისელესტეს” დაცვაში სისტემატიურად ხავიერ მასკერანო, ფედერიკო ფასიო, მარკუს როხო და გაბრიელ მერკადო ჩნდებოდნენ.

ვინ იქნება ოტამენდის მეწყვილე?

სიტიში, ოტამენდისთან ერთად, მასზე ფიზიკურად უფრო ძლიერი და მაღალი ჯონ სტოუნსი თამაშობს. თუ სამპაოლი შეეცდება, რომ დაცვის ლიდერ ოტამენდის იმავე ტიპის ფეხბურთელი დაუყენოს გვერდით, როგორც მის გუნდშია, მაშინ ამ როლს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად ფედერიკო ფასიო ერგება, რომელსაც რომაში ძალიან კარგი სეზონი აქვს. ფასიო შესანიშნავად თამაშობს თავით და ძლიერია ორთაბრძოლებში. თუ არგენტინის ნაკრები ორი ცენტრალური მცველით ითამაშებს, სავარაუდოა, რომ ცენტრში ოტამენდი-ფასიოს დუეტმა უნდა დაიკავოს ადგილი.

ხოლო, თუ სამპაოლი აქცენტს სამ ცენტრალურ მცველზე გააკეთებს, მაშინ ოტამენდისთან ერთად ერთ-ერთი მათგანი სევილიას გაბრიელ მერკადო უნდა იყოს, რომელიც ნომინალურად განაპირა მცველსაც თამაშობს. სამი ცენტრალური მცველის შემთხვევაში ერთ-ერთ მათგანს შეტევაში წასვლა უნდა შეეძლოს და ნომინალური განაპირა მცველი მერკადო ამ როლს ყველაზე კარგად ერგება. მესამე ადგილი კი ფასიოს უნდა ერგოს - მით უმეტეს, რომ რომა წელს სამი მცველითაც თამაშობს ხოლმე და ბარსელონასთან გამარჯვების შემდეგ, დი ფრანჩესკოს გუნდი სამ ცენტრალურმცველიან ტაქტიკაზე მყარად გადავიდა.

3-მცველიან ფორმაციაში ბოლომდე არ უნდა გამოირიცხოს მარკუს როხოს კანდიდატურაც, რომელიც მერკადოს მსგავსად, ნომინალურად ფლანგის მცველია. როხოს მანჩესტერ იუნაიტედში სათამაში დრო თითქმის არ აქვს (მხოლოდ 9 თამაში სეზონში), თუმცა სამპაოლიმ იგი მუნდიალზე მაინც წაიყვანა.

გუნდში არის ხავიერ მასკერანო, რომელიც კარიერას ჩინეთში აგრძელებს და ბარსელონაში მისი ბოლო სეზონები წარმატებული ნამდვილად არ იყო, თუმცა მისი გამოცდილება, ხასიათი და ქარიზმა გუნდს ნამდვილად დაეხმარება, თუნდაც სათადარიგო სკამიდან. მასკერანოს ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში  და დაცვის ხაზშიც  - ბარსელონაში მას როგორც ორ, ასევე სამ-მცველიან ტაქტიკაში თამაშის გამოცდილება აქვს.

არგენტინის დაცვის უმთავრესი ნაკლი ის იქნება, რომ, ფაქტობრივად, ყველა მათი მცველის ძლიერი მხარე უფრო ორთაბრძოლა, დასწრებაზე და თავით თამაშია, ვიდრე პოზიციური და ტაქტიკური მხარე. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ არგენტინა ძალიან კარგად იცავს თავს, როდესაც გუნდი მეორე ნომრად თამაშობს და მცველები კომპაქტურად არიან განლაგებულები.

4-მცველიან ტაქტიკაში ფლანგებზე გაბრიელ მერკადო და როხო შეიძლება განლაგდნენ.  ეს უფრო დაცვითი ვარიანტი იქნება. უფრო შემტევ ფორმაციაში კი ფლანგებზე ახალგაზრდა ნიკოლას ტალიაფიკო,  მარკოს აკუნია და ედუარდო სალვიო შეიძლება ვიხილოთ. ეს მოთამაშეები შეტევაში უფრო აქტიურად მიდიან. ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში მარცხენა ფლანგზე სამპაოლიმ აქცენტი უფრო მეტად ტალიაფიკოზე გააკეთა და დიდი ალბათობით იგი ძირითადში იქნება.

ნახევარდაცვის ხაზი

ნახევარდაცვის შუა ხაზში სამპაოლის რამდენიმე ოპცია აქვს. თითქმის გარანტირებულად ითამაშებს ლუკას ბილია მილანიდან, რომელსაც შეტევების დაწყებაც ეხერხება და მონაწილეობას ჩაშლაშიც იღებს. თუმცა, ბილიასთან მიმართებითაც არსებობს ერთი “მაგრამ” - ბილია ტრავმირებული იყო და თვეზე მეტი ხანია არ უთამაშია. უცნობია, თუ რა ფორმაში შეხვდება იგი ტურნირს.

იმის მიხედვით, თუ რამდენი მცველი ეყოლება არგენტინას, შეიცვლება ნახევარმცველების რაოდენობაც. 3-მცველიან ტაქტიკაში, მოედნის შუაში სამპაოლის ორი ცენტრალური ნახევარმცველი ეყოლება. სავარაუდოა, რომ ბილიას გვერდით ყველაზე ხშირად სევილიელი ევერ ბანეგა ითამაშებს.

ბანეგას ეხერხება ბურთის დაჭერა და უყვარს პოზიციური თამაში, როდესაც მისი გუნდი ბურთს ხანგრძლივად იჭერს. ნახევარდაცვის ამ წყვილს ის მინუსი აქვს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მასა და ბრძოლისუნარიანობა ფიზიკურად ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაცვით ფაზაში სრულყოფილად თამაშისთვის.

ბანეგა-ბილიას დუეტი, დიდი ალბათობით, ყველაზე მეტ დროს გაატარებს მინდორზე, თუ ბილიას ტრავმა იმაზე უფრო რთული არ აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან იყო მოსალოდნელი. ბილიას ტრავმის გართულების შემთხვევაში, მის ადგილზე, შესაძლოა, ხავიერ მასკერანომ ითამაშოს.

 ორი ცენტრალური ნახევარმცველის პირობებში, სავარაუდოა, რომ თამაში არ მოუწევს, თუმცა თუ სამპაოლიმ ცენტრში სამი ნახევარმცველით ითამაშა ბილია, ბანეგას გვერდით, შესაძლოა, პარი სენ ჟერმენის ახალგაზრდა ჯოვანი ლო სელსოც ვიხილოთ.

არგენტინის ნახევარდაცვას ორი ძირითადი პრობლემა აქვს. ხშირი როტაციის პირობებში, “ალბისელესტეს” ნახევარდაცვაში არ ჰყავს კარგად შეთამაშებული წყვილი და ხარისხობრივად, არცერთი ცენტრალური ნახევარმცველი არ მიიჩნევა მსოფლიო კლასის მოთამაშედ. მოედნის ცენტრში სამპაოლის ის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა კლასიც ჩემპიონობის უმთავრეს პრეტენდენტების შუა ხაზთან შედარებით ნაკლებია.

თავდასხმის ხაზი

ერთი შეხედვით, არგენტინის შეტევითი ხაზი ყველაზე ვარსკვლავურია და გუნდს თავდასხმაში პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ციფრები საწინააღმდეგოში გვარწმუნებს. 18 შესარჩევ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 19 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით პრობლემური მათთვის მოწინააღმდეგის მასირებული დაცვის დაძლევა იყო.

სავარუდოა, რომ სამპაოლი მოედანზე ერთდროულად სამ შემტევს დააყენებს. გასაგებია, რომ ლეო მესი ითამაშებს. დანარჩენ ორ ადგილზე, ერთი შეხედვით, დიდი არჩევანის მიუხედავად, სამპაოლისთვის საკმაოდ პრობლემურია ორი შესაფერისი მოთამაშის პოვნა.

ერთ პოზიციას, ალბათ, სერხიო აგუერო შეავსებს. აგუერო მესის კარგად ეწყობა. თუკი ლეო უკან გამთამაშებლის პოზიციაზე ჩამოიწევს, აგუერო მაშინ ცენტრფორვარდის პოზიციას შეავსებს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, აგუეროს შეუძლია ფლანგზე (უმეტეს შემთხვევაში მარცხნივ) გადავიდეს, ან სიღრმეში ამოიწიოს და ლეოს მოწინააღმდეგის კარებთან სივრცე დაუტოვოს. აგუერომ სეზონის მიწურულს ტრავმა მიიღო და ჩემპიონატისთვის ბოლომდე მზად ჯერ კიდევ არ არის.

ყველაზე დიდი პრობლემა სამპაოლისთვის მისი მესამე შემტევის არჩევა უნდა იყოს. სამპაოლის უყვარს, როდესაც მისი გუნდი შეტევაში მობილურია, მოთამაშეები ადგილებს სწრაფად ცვლიან, მცველები პოზიციიდან გაჰყავთ, სივრცეებს ქმნიან და შემდეგ ამ სივრცეებს ითვისებენ. მისი ტაქტიკისთვის მძიმე ცენტრალური ფორვარდი ნაკლებად მისაღებია. 

სამპაოლის პირველ თამაშებში, მესის გვერდით მუდამ თამაშობდა ანხელ დი მარია. თუმცა მისი პრობლემა ის არის, რომ პარი სენ ჟერმენში მას მუდმივი სათამაშო დრო არ აქვს და ბოლო თვეების მანძილზე ფორმიდან ამოვარდნილად გამოიყურება.

თუკი სამპაოლის უფრო მძიმე ფორვარდი დასჭირდება, მაშინ თამაშის კარგი შანსი აქვს გონსალო იგუაინს.

თითქოს სამპაოლის ტაქტიკას კარგად ერგებოდა ინტერის მაურო იკარდი. თუმცა იკარდისთან დაკავშირებით სხვა პრობლემები იყო - იკარდი მის ცოლთან დაკავშირებული სკანდალის გამო (იკარდიმ თანაგუნდელ მაქსი ლოპესს ცოლი წაართვა) არგენტინაში არავის არ უყვარს. არ წყდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები ამ კონფლიქტში მაქსი ლოპესის მხარეს იჭერენ, მათ შორის ლეო მესიც.  სამპაოლიმ იკარდის რამდენიმე თამაში მისცა, თუმცა ინტერის ფორვარდმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. შედეგად, სამპაოლიმ იკარდი მუნდიალზე არ წაიყვანა.

ამ სიტუაციაში, სავარაუდოა, რომ სამპაოლი ან უკვე ნაცად დი მარიას დაეყრდნობა, რომელიც “ალბისელესტეში” მუდამ თამაშობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორმაშია, ან შესაძლოა,  გონსალო იგუაინს ენდოს.

მწვრთნელი

სამპაოლი ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელსაც სანაკრებო მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 4 წლის განმავლობაში (2012-2016) იგი ჩილეს ნაკრებს წვრთნიდა და შესანიშნავი შედეგები ჰქონდა - მათ შორის მოგებული კოპა ამერიკა. თუმცა, უცნობია, რამდენად მოუხდება იგი არგენტინის ნაკრებს. მისი ფეხბურთი საკმაოდ კომპლექსურია და მოთამაშეთა შორის კარგ ურთიერთგაგებასა და ორგანიზებულობას ეფუძნება. არგენტინაში მას გუნდის თავისი შეხედულებისამებრ შენების დრო უბრალოდ არ აქვს - განსხვავებით ჩილესგან, სადაც წლების მანძილზე ნაკრები ერთი საფეხბურთო სტრატეგიის მიხედვით ვითარდებოდა და თამაშობდა.

საკვანძო მოთამაშე

ვერავინ, ვინც არგენტინაზე წერს, ვერ იქნება ორიგინალური და გვერდს ვერ აუვლის, რომ პრობლემებში ჩაფლული არგენტინისთვის მთავარი (და შესაძლოა, ერთადერთი) იმედი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია.

მესის გარდა, “ალბისელესტესთვის” მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ მათმა ერთ-ერთმა შემტევმა კარგი ტურნირი ჩაატაროს და ლეოს სრულფასოვნად დაეხმაროს. დაახლოებით იმ სტილში, როგორც 1990 წელს დიეგო მარადონასთვის კლაუდიო კანიჯა იყო. ამ როლს ალბათ ყველაზე მეტად სერხიო აგუერო მოერგებოდა. 

აგუეროს გარდა, საკვანძო მოთამაშეა ლუკას ბილია, რომელსაც შეტევის დაწყება და ბურთის დაცვიდან ამოტანა ევალება.

გზა

არგენტინას წილისყრაში არ გაუმართლა. მას რთული ჯგუფი შეხვდა. ისლანდია ძალიან მოუხერხებელი მოწინააღმდეგეა. არგენტინა უპირობო ფავორიტი იქნება, ისლანდია კი მიჩვეულია ლიდერების წინააღმდეგ მეორე ნომრად თამაშს. იმ ფონზე, რომ არგენტინაზე პირველივე შეხვედრაში დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იქნება, ისლანდია თავისუფლად ითამაშებს.

გარდა ამისა, ჯგუფში არიან ტრადიციულად კარგად ორგანიზებული ხორვატიის ნაკრები და ნიგერია, რომელსაც ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს. სავარაუდოა, რომ არგენტინას სრული ძალებით ტურნირში ჩაბმა უკვე ჯგუფურ ეტაპზევე მოუწევს და არცერთი თამაში მათთვის ადვილი არ იქნება. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი, არგენტინა, შესაძლოა, C ჯგუფის ფავორიტ საფრანგეთის ნაკრებს გადაეკვეთოს.

ძლიერი და სუსტი მხარეები

არგენტინული ფეხბურთი უკვე მერამდენე წელია კრიზისშია. ფეხბურთის ფედერაციაში ანარქიაა, რაც ნაკრებზეც აისახება. 2010 წელს საერთოდაც “ალბისელესტე” მსოფლიოს ჩემპიონატზე დიეგო მარადონას წინამძღოლობით გაემგზავრა. მარადონასგან რომ კარგი მწვრთნელი არ დადგებოდა, ეს ალბათ ყველასთვის ცხადი იყო - ფედერაციის მენეჯმენტის გარდა. არგენტინამ ჩემპიონატზეც შესაბამისი შედეგი აჩვენა. ოთხი წლის წინ “ალბისელეტეს” ერთ ნაბიჯი დააკლდა და გუნდი ფინალში დამარცხდა.

უკეთესი მდგომარეობა არც ამ ჩემპიონატის წინ არის. მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ ვერ გაამართლა, გუნდი რეალურად იდგა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საფრთხის წინაშე და მუნდიალის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში, ეკვადორთან მატჩში გამარჯვებით გაინაღდა.

უდიდესია ზეწოლა არგენტინის ნაკრებზე. ჯერ ერთი, ბოლო წლებში წაგებულმა სამმა ფინალმა (მსოფლიოს ჩემპიონატი, 2 კოპა ამერიკა) “ალბისელესტეს” უიღბლო და წარუმატებელი გუნდის იმიჯი მოუტანა. მეორე: გასათვალისწინებელია ლეო მესის ფაქტორი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს საკლუბო დონეზე ყველაფერი მოგებული აქვს. ნაკრებში კი არცერთ დიდ ტურნირზე არ გაუმარჯვია და უშუალო მონაწილე იყო ფინალებში ამ სამივე მარცხის. დიდი ალბათობით მესისთვის ეს ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი და ბოლო შანსია, რომ მუნდიალი მოიგოს. ეს გუნდზე ზეწოლას უფრო ზრდის. არგენტინის გულშემატკივარი უკმაყოფილოა, რომ მესის 10 წელზე მეტხნიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში თითქმის არცერთხელ არ ჰყოლია სუპერგუნდი - “ალბისელეტეს” მუდამ საორგანიზაციო და სათამაშო პრობლემები აწუხებდა.

არგენტინის გულშემატკივარი თავისი გუნდისგან ყოველთვის შემტევ თამაშს და გამარჯვებებს ელის. ეს მოლოდინი კიდევ უფრო იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ მესისთან ერთად, ნაკრების უპირველესი ვარსკვლავები შემტევი მოთამაშეები არიან. თუმცა ისტორია სხვა რამეს გვიჩვენებს. არგენტინას მაგარი გუნდი ისტორიაში ბევრჯერ ჰყოლია. თუმცა ბოლო წლებში წარმატებას უფრო დაცვითი არგენტინა აღწევდა, ვიდრე შემტევი ფეხბურთის მოთამაშე.

ისტორიული პანორამა

არგენტინის ისტორიაში ორი დიამეტრულად საფეხბურთო ფილოსოფია გამოიყოფა: სესარ ლუის მენოტის და კარლოს ბილარდოს საფეხბურთო სკოლები - ე.წ. „მენოტისტები“ და „ბილარდისტები“, როგორც მათ არგენტინელი გულშემატკივარი ეძახის. ორივე ამ სკოლას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამ ორივე მწვრთნელმა არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა - მენოტიმ 1978 წელს, ბილარდომ კი -1986-ში.

მენოტის ფილოსოფია ლამაზ, შემტევ და კომბინაციურ თამაშს ქადაგებს, რომელმაც მაყურებელს სიამოვნება უნდა მოუტანოს.

კარლოს ბილარდო 60-იანებში უბალდო სუბელდიას ესტუდიანტესში თამაშობდა, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრაგმატულ და ხისტ გუნდში. ბილარდოც სუბელდიას საფეხბურთო იდეების თაყვანისმცემელი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა, გამარჯვებაა და მის მისაღწევად ყველა ხერხი მისაღებია.

მენოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატი 1978-ში მოიგო, იმის შემდეგ არგენტინას მუნდიალებზე სულ მცირე ორჯერ ჰყავდა შესანიშნავი შემტევი გუნდი, რომელიც მენოტის ფილოსოფიის ფეხბურთს თამაშობდა. 1998-ში დანიელ პასარელას არგენტინა სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ჰოლანდიასთან დასანანი მარცხი იწვნია. 2006-ში უკვე ხოსე პეკერმანის არგენტინა აჩვენებდა ეფექტურ და მაღალი ხარისხის ფეხბურთს, თუმცა გერმანიასთან პენალტებში დამარცხდა.

საპირისპიროდ, არგენტინამ ორჯერ მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს, როდესაც პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებულ, ე.წ. „ბილარდოს ფეხბურთი“ ითამაშა. 1990-ში ბილარდოს არგენტინა მთელი გუნდით დაცვაში იდგა, წინ კი მარადონა-კანიჯას დუეტის იმედი ჰქონდა. ბევრი ბრძოლით და პენალტებით არგენტინა ფინალში გავიდა. 4 წლის წინ ანხელ საბელიას არგენტინა თამაშობდა უკვე ბილარდოს ფეხბურთს. აქცენტი დაცვაზე და წინ იმის იმედი, რომ რომელიმე შემტევი გაიტანდა. შედეგად, ფინალამდე არგენტინამ პლეი ოფის სამ შეხვედრაში არცერთი გოლი არ გაუშვა, მხოლოდ ორი გაიტანა და ფინალამდე ასე მივიდა - შვეიცარიასთან დამატებითში დი მარიამ შეაგდო, ბელგიასთან იგუაინმა, ჰოლანდიასთან კი - უგოლო ფრე და პენალტებში გამარჯვება.

როდესაც ბაუსა მოხსნეს, არგენტინაში ხორხე სამპაოლი დანიშნეს, როგორც მენოტის სკოლის წარმომადგენელი და იმედი ჰქონდათ, რომ არგენტინა კომბინაციურ და შემტევ ფეხბურთს ითამაშებდა და თავისი შეტევითი ხაზის რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებდა. თუმცა სამპაოლის არცერთი იარაღი არ აქვს, შექმნას ისეთი გუნდი, როგორიც მას სურს. კომბინაციური თამაშის დასაყენებლად ბევრი დროა საჭირო, სამპაოლის კი ნაკრებთან ერთად მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდა.

ნაკრები გუნდი იშვიათად იკრიბება და ისიც, სულ რამდენიმე დღით. არგენტინა მუნდიალზე ვერმოხვედრის საფრთხის წინაშე იდგა და სამპაოლი იძულებული იყო, შედეგზე ეზრუნა და არა გუნდის მშენებლობაზე.

ამ ვითარებაში არგენტინისთვის ერთადერთი გამოსავალი იქნება, რომ ითამაშოს ტაქტიკურად უფრო მარტივი - ე.წ. ბილარდოს ფეხბურთი. ითამაშოს დაცვიდან და დიდი ძალებით დაცვის დროს შეცდომის ალბათობა კლებულობს.

პლეი ოფში მთავარია გოლის არგაშვება, კონტრშეტევების, პენალტებისა და იღბლიანი კენჭისყრის გათვალისწინებით, კი რეალური შეიძლება იყოს ჩემპიონატის ფინალამდე მისვლა, ისევე, როგორც 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ეს გააკეთა ასევე საკმაოდ შეზღუდული ტალანტის მქონე პორტუგალიის ნაკრებმა.

ანუ, თუ სამპაოლი შემტევი და ღია თამაშით ეცდება ფონს გავიდეს, მაშინ მას არ უნდა ეყოს რესურსები და, უპირველეს ყოვლისა კი, გუნდის მომზადებისა და ორგანიზაციის ხარისხი. ხოლო, თუ სამპაოლი ტაქტიკურად უფრო მარტივ, მისთვის არატრადიციულ, მაგრამ თავისი გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებზე მორგებულ ფეხბურთს ითამაშებს, არგენტინას თავისი პრობლემების მიუხედავად, ჩემპიონობის შანსი უნდა ჰქონდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები