Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მთავარი თამაში უხვგოლიანი არა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა: გიული მანჯგალაძის გოლით დინამო ბათუმმა დინამო თბილისი დაამარცხა!

ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება პირველივე წუთებიდან დაძაბული იყო. გუნდები ზედმეტ რისკზე წასვლას ერიდებოდნენ - ორი ტურის შემდეგ ქულები უკვე ორივეს დაკარგული ჰქონდა (ბათუმელებს შუქურასთან, თბილისელებს - სამგურალთან) და ამ თამაშის წაგება არცერთისთვის არ შეიძლებოდა.

გიული მანჯგალაძე მთელი მატჩის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

მე-19 წუთზე თბილისეთა ფორვარდს, თორნიკე ახვლედიანს კარგი მომენტი შეექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. 6 წუთში თბილისელებს ბათუმელებმაც მომენტით უპასუხეს: ჯაბა ჯიღაური მეტოქის საჯარიმოში აქტიურობდა, პასი მანჯგალაძეს მისცა, რომელმაც კარში ზუსტად დაარტყა, თუმცა როინ კვასხვაძემ ბურთის მოგერიება შეძლო.

პირველი ტაიმის მიწურულს აჭარულ გუნდს კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც ჯიღაური აქტიურობდა, რომელმაც დინამო თბილისის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის კარში გადაგზავნა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ეს მატჩის პირველი ნახევრის ბოლო ეპიზოდი იყო - 0:0.

მე-2 ტაიმი გია გეგუჩაძის გუნდმა უფრო აგრესიულად დაიწყო. ფლანგზე აზაროვის აქტიურობის შემდეგ, კარისკენ ნიქაბაძემ დაარტყა, ცოტა ხნის შემდეგ კი, თბილისელთა კარგში გოლის გატანა საჯარიმოს გარედან ისევ ჯიღაურმა სცადა, თუმცა ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუკი ამ მატჩში რომელიმე გუნდი გოლს იმსახურებდა, პირველ რიგში ეს დინამო ბათუმზე ითქმის და გეგუჩაძის გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია: 66-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებიდან გიული მანჯგალაძემ შორეული, ეფექტური დარტყმით ბათუმელები დააწინაურა. დარჩენილ დროში თბილისელებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს - დინამო ბათუმმა თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

გეგუჩაძის გუნდმა ამ გამარჯვებით 3 ტურის შემდეგ 7 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გადანაიცვლა (გორის დილა, რომელსაც 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, 10 მარტს თბილისის ლოკომოტივს ეთამაშება). ბათუმელთა მომდევნო მეტოქე სამტრედია იქნება (თამაში 13 მარტს, გორში გაიმართება). რაც შეეხება დინამო თბილისს: მათ 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ. თბილისელების მომდევნო მეტოქე საბურთალოა - თბილისური დერბი კვირას, 14 მარტსაა დაგეგმილი.

დინამო თბილისი 0:1 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (66).

დინამო თბილისი (3-4-2-1): კვასხვაძე - პაპავა (33. კობოური), ბენიო, მონხილი - სპორკლსედე, რადინი, მექვაბიშვილი(78. ქარდავა), გაგნიძე (78. კეიტა) - მარუშიჩი, გაბედავა (57. კუცია) - ახვლედიანი (46. კასტრო).

დინამო ბათუმი (4:2:3:1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (92+2. ნავალოვსკი) - ტეიდი (92+2. ჩუკვურა), ალთუნაშვილი (81. გროცურეკი) - მამუჩაშვილი (81. ფანცულაია), ჯიღაური, მანჯგალაძე - ნიქაბაძე (75. მჭედლიძე).

კომენტარები

ბოლო ამბები