Thumbnail
  • გერმანიის საფეხბურთო კავშირმა იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილება დაადასტურა
  • ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუნდესგუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება

გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვის 15-წლიანი ეპოქა მთავრდება! ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, ახლა უკვე გადაწყვეტილი და ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 61 წლის ‘იოგი’ ბუნდესმწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ინფორმაცია გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) დღეს დაადასტურა. როგორც ირკვევა, მან თვითონ ითხოვა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გათავისუფლება და DFB-შიც დათანხმდნენ. გავრცელდა თავად ლიოვის კომენტარიც, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით აქვს გაფორმებული.

“ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გააზრებულად მივიღე. ამაყი და მადლიერი ვარ, ამავდროულად 100 პროცენტით მოტივირებულიც ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით. ამაყი ვარ იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანას ჯამში 17 წელი ვემსახურე, აქედან 15 წელი გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი. ამ წლების მანძილზე ბევრი მაგიური მომენტი გვქონდა და ამაში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობას არ ვგულისხმობ. მადლიერი ვარ გერმანიის საფეხბურთო კავშირის, რომელიც ყოველთვის საუკეთესო პირობებს გვიქმნიდა, რათა გუნდს წარმატებებისთვის მიეღწია.” - ვკითხულობთ ლიოვის განცხადებაში.

წაიკითხე კლოპისთვის 5 წელზე მეტი არ შეიძლება - მაინცსა და დორტმუნდშიც ასე იყო

გერმანული მედია დიდი ხანია წერს, რომ ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი იურგენ კლოპია. ამ უკანასკნელს ლივერპულში კრიზისი აქვს და გამორიცხული არ არის, რომ მერსისაიდული კლუბი დატოვოს. ახლა, როცა ლიოვის წასვლა გადაწყვეტილია, კლოპი ავტომატურად ფავორიტი ხდება. იურგენის გარდა, კანდიდატებს შორის მოიაზრება ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც - თუმცა, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები მის გაშვებას არ მოისურვებენ.

'ბილდის' და 'კიკერის' გამოკითხვებში, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს გერმანიის ნაკრები, ფლიკის და კლოპის გარდა ვკითხულობთ რალფ რანგნიკის გვარსაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 'პროფესორ რალფსაც' ძალიან კარგი შანსი აქვს. გამოკითხვაში ასევე მოხსენიებულია ლოთარ მათეუსის, შტეფან კუნტცის და მარკუს ზორგის გვარებიც, თუმცა ისინი ალბათ მაინც უშანსოდ არიან. კლოპი, ფლიკი, რანგნიკი - გერმანია ქვეყნის პირველი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს ალბათ ამ სამეულიდან შეარჩევს.

კომენტარები

ბოლო ამბები