Thumbnail

გადარჩენისთვის მებრძოლ ფულჰემთან 0:1 ლივერპულისთვის პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 საშინაო მარცხი გახლდათ. ლეგენდარული “ენფილდ როუდისთვის” ეს ისტორიული კრიზისია. არადა, სწორედ კლოპია ის კაცი, ვინც წლების მანძილზე ‘ჩაძინებული’ ლივერპული ახლო წარსულში გამოაცოცხლა და ევროპის გრანდად აქცია. კლოპის ლივერპული უმეტეს შემთხვევებში ძალიან შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობდა და ტიტულებსაც იგებდა: 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2020-ში კი, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონობაც იზეიმა. ეს იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის ლივერპულში უკვე გარანტირებული აქვს ლეგენდის, მერსისაიდული კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი.

კლოპმა ლივერპულს ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა მოაგებინა

ახლა კი, ინგლისში უკვე ბევრი ექსპერტი სვამს კითხვას: არის თუ არა გერმანელი ლივერპულისთვის ჯერ კიდევ ის სპეციალისტი, რომელსაც გუნდის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია? ზედიზედ მე-6 საშინაო მარცხსაც რომ თავი დავანებოთ, ლივერპული პრემიერლიგაში 28 თამაშის შემდეგ მე-8 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება. მართალია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ლაიპციგი 2:0 დაამარცხა და ალბათ მეოთხედფინალში გავა, მაგრამ ეს ინგლისის ჩემპიონატში ფატალურ შედეგებს ვერ გადაწონის.

კლოპი ლივერპულში 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 5 წელზე მეტია გასული. ეს კი ზუსტად ის დროა, როცა კლოპს კრიზისები ეწყება ხოლმე, რაც საბოლოოდ მისი კლუბებიდან წასვლით მთავრდება. 5 წელი კლოპისთვის ზღვარივითაა. გავიხსენოთ მაინცის და დორტმუნდის ამბები.

მაინცი [2001-2008]

მაინცის ყოფილი ფეხბურთელი ამ კლუბის მთავარ მწვრთნელად 2001 წელს დაინიშნა და 2002 და 2003 წლებში ძალიან ცოტა დააკლდა გუნდის პირველ ბუნდესლიგაში გადაყვანამდე. მაინცი მანამდე ელიტაში ნამყოფი არ იყო და ახალგაზრდა იურგენს დიდ სცენაზე გადასვლისთვის ბრძოლაც ძალიან დიდ წარმატებად ჩაუთვალეს. 2004 წელს, ანუ, დანიშვნიდან 3 წელიწადში კლოპმა ეს მაინც მოახერხა - მაინცი პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა და იქ 3 წლის მანძილზე დატოვა. 6 წლის შემდეგ, 2007-ში კი იურგენი და მაინცი მე-16 ადგილით გავარდნენ.

თუმცა კლოპი მაინცში დარჩა და კლუბის ელიტაში დაბრუნებას ცდილობდა. 2008 წელს მან განაცხადა, რომ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებდა, თყ მაინცი პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდებოდა და რაკი ეს არ მოხდა (მე-4 ადგილი), კლოპმა მაინცი დატოვა. ჯამში ის მშობლიურ კლუბს 7 წელი წვრთნიდა. აქედან 5 წელი იყო წარმატებული.

ბორუსია დორტმუნდი [2008-2015]

თავიდან მე-6 და მე-5 ადგილების შემდეგ, კლოპმა დორტმუნდის ბორუსია სენსაციურად გააჩემპიონა - ზედიზედ ორჯერ, 2011 და 2012 წლებში. ეს გერმანიაში ძალიან დიდი მოვლენა იყო - მიუნხენის ბაიერნისთვის ჩემპიონობის ზედიზედ ორჯერ წართმევა ზღაპრული მოვლენაა. ამასთან, 2012-ში კლოპის BVB-მ გერმანიის თასიც მოიგო, 2013 წელს კი სულაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, სადაც ბაიერნთან დამარცხდა. მოკლედ: 5 წლის მანძილზე კლოპი დორტმუნდში დაუჯერებლად წარმატებული მწვრთნელი იყო.

2014 წელს ბორუსიამ მეორე ადგილი დაიკავა და არც ეს იყო ცუდი შედეგი, 2014/2015 წლების სეზონში კი კრიზისი დაიწყო, რაც რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნში გადასვლასთანაცაა დაკავშირებული - ბორუსიაში პოლონელის ადექვატური შემცვლელი ვერ იპოვნეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იყო მომენტი, როცა დორტმუნდს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხეც კი ემუქრებოდა. გუნდი ხშირად უიდეო, უფანტაზიო ფეხბურთს თამაშობდა. მეორე წრეში გარკვეული პროგრესი დაიწყო და ბორუსიამ მე-7 ადგილზე გასვლა მაინც მოახერხა, მაგრამ ეს გუნდი უკვე ძალიან შორს იყო იმ გუნდისგან, რომელიც კლოპის ხელმძღვანელობით ყველას აღაფრთოვანებდა. შესაბამისად, კლოპი BVB-ს ხელმძღვანელებს შეუთანხმდა, რომ მისი კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2018 წელს ეწურებოდა, ნაადრევად, სეზონის ბოლოს, 2015-შივე შეწყვეტილიყო.

სწორედ 2015 წლის შემდეგ, იურგენ კლოპი ლივერპულის მთავარი მწვრთნელია და ყველაფერი, რაც მერე მოხდა, შეხსენებას არავისთვის საჭიროებს. ახლა 2021 წელია, 5 წელზე მეტი გავიდა და კლოპს ისევ კრიზისი აქვს. მხოლოდ ზედიზედ 6 საშინაო მატჩის წაგებასა და მცველების ტრავმებში არაა საქმე. ინგლისში ბევრი ფიქრობს, რომ იურგენმა ლივერპულში საკუთარი თავი ამოწურა. გერმანიაში კი ამბობენ, რომ ის მზადაა გერმანიის ნაკრებისთვის, სადაც იოახიმ ლიოვს გაუვიდა ვადა...

კომენტარები

ბოლო ამბები