Thumbnail

ტრანსფერი | ოფიციალურად: მარეკ ჰამშიკი ევროპაში დაბრუნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარეკ ჰამშიკმა გიოტებორგთან 8-თვიანი კონტრაქტი გააფორმა
  • სლოვაკი ფეხბურთელის სახელი ნაპოლისთან ასოცირდება

სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი შვედური გიოტებორგის წევრი გახდა. 33 წლის ნახევარმცველმა ჩინური დალიანი დატოვა და ევროპაში ოფიციალურად ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

მხარეებს შორის 8-თვიანი კონტრაქტი, უფრო კონკრეტულად მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე გაფორმდა. როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ, გიოტებორგის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხარაიშვილი იყო, რომელმაც დაახლოებით 1 თვის წინ შვედური კლუბი დატოვა.

"პირველივე კონტაქტზე შესანიშნავი დიალოგი გვქონდა და კონსენსუსს მივაღწიეთ. მარეკი მოტივირებულია. მისი თვისებები, ქარიზმა, პროფესიონალიზმი და გატაცება მას უნიკალურ ფეხბურთელს ხდის," - თქვა გიოტებორგის სპორტულმა დირექტორმა პონტუს ფარნერუდმა.

შეგახსენებთ, რომ მარეკ ჰამშიკის კარიერა ბრატისლავის სლოვანში დაიწყო, საიდანაც 2004 წელს ბრეშაში გადავიდა და სწორედ ლომბარდიულ გუნდში შეძლო თავის გამოჩენა. 2007 წელს ჰამშიკი ნაპოლიმ შეიძინა და ნეაპოლიტანურ გუნდში სლოვაკმა 2019 წლამდე 520 მატჩში 121 გოლის გატანა შეძლო. 2019 წლიდან ის ჩინური დალიანის წევრი იყო (45 მატჩი, 5 გოლი), სლოვაკეთის ნაკრებში 126 თამაშში 26 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები