Thumbnail

NCAA-ში 2020/21 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა. ეს წელი არნახულად წარმატებული იყო ქართველი კალათბურთელებისთვის, რომლებიც კოლეჯთა ლიგაში თამაშობენ. ბუნებრივია, პირველ რიგში, სანდრო მამუკელაშვილს ვგულისხმობთ, რომელიც უკვე დაასახელეს კონფერენციის პირველ ხუთეულში (თანაც ერთხმად). სანდრო სამი ინდივიდუალური პრიზისთვის იბრძვის, თუმცა ჩვენი თანამემამულეების წარმატება მისით არ ამოიწურება...

სუპერვარსკვლავი

სანდრო მამუკელაშვილი ამ სეზონში სეტონ ჰოლის ნამდვილი ლიდერი გახდა. სამწუხაროდ, მისი გუნდი კონფერენციაში მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა და ეგრეთ წოდებულ "მარტის სიგიჟეში" ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თავად სანდროს დიდებული სეზონი გამოუვიდა - 25 თამაში (ყველა სასტარტოში) - საშუალოდ 17.8 ქულა, 7.3 მოხსნა და 3.1 პასი. ეს სუპერვარსკვლავის სტატისტიკაა. არის კიდეც 21 წლის ფორვარდი NCAA-ს სუპერვარსკვლავი.  სეტონ ჰოლმა რეგულარული სეზონი 13-12 ბალანსით (10-9) კონფერენციაში) დაასრულა. 

სანდრო მამუკელაშვილს საუკეთესო სეზონი ჰქონდა

სეტონ ჰოლი "მედისონ სკვერ გარდენში" "ბიგ ისტის" ჩემპიონშიპში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, 11 მარტს მისი მეტოქე სენტ ჯონ'სია. ამ ტურნირის მერე კი სანდროს სულ სხვა ამბები ელის, მზადება NBA-ს დრაფტისთვის. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო სეზონიდან მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში უკვე ორი ქართველი ითამაშებს. 

📺 FOX-ის სიუჟეტი სანდრო მამუკელაშვილზე

სუპერგუნდი

21 წლის გიორგი ბეჟანიშვილი კოლეჯთა ლიგის კარიერას გაისად დაასრულებს. ის ილინოისის წევრია, რომელიც წლევანდელი კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია. ილინოისმა კოლეჯთა ლიგის Top 25 მე-3 ადგილით დაასრულა და "ბიჰ თენის" კონფერენციის პირველი ნომერი გახდა. გუნდმა რეგულარული სერზონი 20-6 ბალანსით (კონფერენცია 16-4) დაასრულა. 12 მარტს ინდიანაპოლისში ილინოისი "ბიგ თენის" კონფერენციის ჩემპიონშიპში ჩაერთვება, მეტოქე ჯერ არ არის ცნობილი. 19 მარტიდან კი ბეჟანიშვილის გუნდს მთავარი, "მარტის სიგიჟე" ეწყება, რომლის დროსაც ამერიკაში NBA-ის თამაშებიც კი მეორე პლანზე გადადის. 

📺 Big Ten Network-ის სიუჟეტი გიორგი ბეჟანიშვილზე

გიორგი ჯუნიორ სეზონში საშუალოდ 15.2 წუთს თამაშობდა და ილინოისს საშუალოდ 5.3 ქულით, 2.6 მოხსნით და 0.4 პასით ეხმარებოდა. ის გუნდის მე-6 მოთამაშეა და ამავდროულად, ლიდერიც. ამის შესახებ ილინოისის თავკაცს არაერთხელ ულაპარაკია. მომავალ სეზონში მის პოზიციაზე მოთამაშე კოფი კოკბერნი დიდი ალბათობით, NBA-ში მოხვდება და გიორგიც სასტარტო ხუთეულში ჩაჯდება. 

სუპერდებიუტი

ალექსანდრე მერკვილაძე ყველაზე ახალგაზრდაა კოლეჯთა ლიგაში მოთამაშე ქართველებში, ის 18 წლისაა და კალიფორნიული კალ სტეიტ ნორტრიჯის ღირსებას იცავს. 

პირველივე სეზონში 5 ორმაგი დუბლი შეასრულა

ქართველმა ფორვარდმა 21-დან 17 თამაში ძირითადში დაიწყო. ის საშუალოდ 10.2 ქულას, 6.8 მოხსნას და 1.1 პასს აკეთებდა. სეზონში ხუთჯერ მერკვილაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. 

გუნდმა სეზონი 9-12 ბალანსით (კონფერენცია 5-9) დაასრულა და "ბიგ ვესტის" კონფერენციის ჩემპიონშიპში ითამაშებს. 9 მარტს კალ სტეიტი ლონგ ბიჩს ხვდება, ეს ტურნირი ჰავაის კუნძულებზე გაიმართება. 

სხვები

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდში, კრეიტონში გადავიდა, მაგრამ სეზონის წინ მან მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია. კრეიტონმა სეზონი 18-7 ბალანსით (კონფერენცია - 14-6) დაასრულა. კრეიტონი მამუკელაშვილის სეტონ ჰოლივით "ბიგ ისტის" კონფერენციაში თამაშობს და 11 მარტს "მედისონ სკვერ გარდენში" ბატლერს ან ქსავიერს ხვდება. 

რატის მთელი სეზონი გაუცდა

ჯორჯია ტექ-ის ღირსებას იცავს 19 წლის ცენტრფორვარდი საბა გიგიბერია. მისთვის პირველ სეზონში საბა ცოტას თამაშობდა - საშუალოდ მხოლოდ 3.7 წუთს. ის საშუალოდ 1.0 ქულას, 1.6 მოხსნას და 0.2 პასს აკეთებდა. გუნდმა სეზონი 15-8 ბალანსით (11-6) დაასრულა, ეს გუნდი "ატლანტიკ კოსტის" კონფერენციაში თამაშობს. ჯორჯიამ კონფერენციაში მე-4 ადგილი დაიკავა და გრინსბოროში კონფერენციის ჩემპიონშიპში ითამაშებს. გიგიბერიას გუნდი ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთვება. 

ვილი ისიანის ბლოკ-შოტი

კოლეჯთა ლიგაში ყველაზე ასაკოვანი ქართველი მოთამაშე ვილი ისიანია, 23 წლის მსროლელი დეტროიტ მერსიში თამაშობს. საშუალოდ 14.7 წუთში ისიანი 4.7 ქულას, 2.7 მოხსნას და 1.2 პასს აკეთებდა. წლეულს ის 7-ჯერ მოხვდა სასტარტო ხუთეულში. მომავალ სეზონში ის კოლეჯს ასრულებს. 

დეტროიტ მერსიმ სეზონი 12-10 ბალანსით (7-5) დაასრულა და "ჰორაიზონის" კონფერენციის ჩემპიონშიპშიც უკვე ითამაშა, მერვედფინალში დამარცხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები