Thumbnail

ბასილაშვილი V ფედერერი? დიდი შანსია, დოჰას ტურნირზე ეს მატჩი ვიხილოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხორვატი ბორნა ჩორიჩი Qatar ExxonMobil Open-ს ტრავმის გამო გამოაკლდა
  • ამის გამო, ნიკოლოზ ბასილაშვილს 1/8-ფინალში გაცილებით იოლი მეტოქე ეყოლება

ხორვატი ჩოგბურთელი ბორნა ჩორიჩი (მსოფლიოს 24-ე ჩოგანი) ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 890 920 დოლარი) ტრავმის გამო გამოაკლდა, რაც ერთიორად ზრდის ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლეგენდარული შვეიცარიელის როჯერ ფედერერის დაპირისპირების შანსს.

ახლა, უფრო გასაგებად ვთქვათ. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველი რაუნდის შეხვედრა უკვე ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული თამაში ჰქონდა. ნიკოლოზმა საკმაოდ ძლიერი ავსტრალიელი ჯონ მილმანი გადამწყვეტ მომენტებში აშკარად დაჩაგრა და 2:6, 6:4, 6:2 სძლია.

მერვედფინალში ბასილაშვილს მე-8 ნომრად განთესილ ჩორიჩსა და “უაილდ ქარდის” მქონე ტუნისელ მალეკ ჯაზირის მატჩში უმჯობესთან უნდა ეთამაშა, ბორნას გამოკლების შემდეგ კი, იმის შანსი, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი, მეოთხედფინალში გავიდეს და დიდი ალბათობით, ფედერერთან დაპირისპირება მოუწიოს, საკმაოდ გაიზარდა.

ბორნა ჩორიჩმა Qatar ExxonMobil Open-ზე თამაში ბოლო წამს გადაიფიქრა

უკვე ცნობილია, რომ ჩორიჩის ნაცვლად, ტურნირში 30 წლის “ლაქი ლუზერი” ნორბერტ გომბოსი ჩაებმება. სლოვაკმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 95-ე ადგილზეა, კვალიფიკაციის დასკვნითი რაუნდში ინდოელ რამკუმარ რამანატანთან (201-ე) 3:6, 1:6 წააგო, თუმცა, გაუმართლა და ხვალ ძალებს 37 წლის ჯაზირისთან მოსინჯავს, რომელიც კლასიფიკაციაში მხოლოდ 262-ეა.

თავის მხრივ, მეოთხედფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს ფედერერს, რომელიც კორტს ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება და საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმება, სადაც ფრანგი ჟერემი შარდისა და ბრიტანელი დანიელი ევანსის მატჩში გამარჯვებულს ელის. ეს თამაშიც 9 მარტსაა დაგეგმილი.

ვთქვათ ისიც, რომ ხვალვე ბასილაშვილი ყატარში ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს, სადაც ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკთან გახლავთ შეამხანაგებული. ცნობილია, რომ ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები მერვედფინალში დანიელ ფრედერიკ ნილსენსა და გერმანელ ტიმ პუეცს გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები