Thumbnail

რასიზმის მუხლით არა, მაგრამ კოლტესკუ მაინც მკაცრად დასაჯეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეფას დისციპლინარულმა კომისიამ რუმინელ მსაჯს განაჩენი გამოუტანა
  • სებასტიან კოლტესკუ ამ სეზონში ვეღარ იმსაჯებს

დეკემბერში პარი სენ-ჟერმენსა და ბაშაქშეჰირს შორის რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი მოხდა, რომლის შინაარსიც ალბათ ყველას გახსოვთ. მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ თურქეთის ჩემპიონის მწვრთნელის ასისტენტმა, ვეტერანმა კამერუნელმა ფეხბურთელმა პიერ ვებომ შეხვედრის მეოთხე მსაჯი, რუმინელი სებასტიან კოლტესკუ რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

კოლტესკუმ მთავარ არბიტრს უთხრა: “აი, ის შავი. შეამოწმე, ვინ არის. აი, ის შავი როგორც მოიქცა, ასე მოქცევა არ შეიძლება.” ამით მან მიანიშნა, რომ მის მიერ მითითებული წითელ ბარათს იმსახურებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ვებოს პროტესტი: “რატომ თქვი შავი? რატომ თქვი შავი?”

კოლტესკუ ამბობდა, რომ მსაჯები ერთმანეთში რუმინულად საუბრობდნენ და მოგვიანებითაც, რამდენჯერმე განაცხადა, რომ რასისტი არ არის და ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება აზრადაც არ მოსვლია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუმინელი არბიტრი ამ სეზონში აღარ იმსაჯებს - დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კოლტესკუ “შეუფერებელი საქციელის” გამო 30 ივნისამდე დისკვალიფიცირებულია. საინტერესოა, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარულმა კომისიამ მე-14 მუხლი (რასიზმი ან სხვა დისკრიმინაციული ქცევა) არ დააფიქსირა.

იმავე მატჩის ლაინსმენ ოქტავიან სოვრეს დისკვალიფიკაცია არ მისცეს, თუმცა ორივე მსაჯს მოუწევს ზაფხულამდე შესაბამისი თემატიკის გადამზადების კურსების გავლა.

კომენტარები

ბოლო ამბები