Thumbnail

რა მოგვიტანა პორტუგალიასთან მოგებამ? მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების პირველ ტურში სტუმრად პორტუგალიას 29:16 სძლია, რისი წყალობითაც მსოფლიო რაგბის რეიტინგში ქულები შეიმატა, თუმცა კი, წინსვლა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” ლისაბონში მეტოქის 1 ლელოს წილ 5 დადეს და მონაგარს 0.31 ქულა შემატეს. შედეგად, ქართველ მორაგბეებს 72.49 ქულა მოუგროვდათ და კვლავ მე-12 ადგილზე რჩებიან, მათ წინ ფიჯის ნაკრებია (76.87), უკან კი – ტონგა (71.44).

მსოფლიო რაგბის რეიტინგის მოწინავე 15-ეული

გასულ უქმეებზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა და კლასიფიკაციაში ერთადერთი ცვლილება სწორედ მას უკავშირდება. რუსეთის ნაკრებმა სოჭში რუმინეთს 18:13 სძლია და 63.14 ქულით მე-20 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ “დათვებმა” სწორედ ხსენებულ პორტუგალიას გადაასწრეს.

მომავალ უქმეებზე პორტუგალია რუმინეთს უმასპინძლებს, ესპანეთი კი – საქართველოს და ცხადია, რომ ჩვენ ეს უკანასკნელი თამაში უფრო გვაინტერესებს. თუკი “ბორჯღალოსნებმა” მადრიდში 15 ქულამდე უპირატესობით მოიგეს, 0.822 ქულას შეიმატებენ, 15 ქულაზე მეტით მოგება კი 1.233 ქულას მოგვიტანს. ფრე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 0.178 ქულით ახეირებს, მარცხი კი ნამდვილად მძიმე დარტყმა იქნება: 15 ქულამდე წაგება მინუს 1.178 ქულაა, უფრო მეტით კი – მინუს 1.767.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეებს მარტში, საერთო ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 4 მატჩი უწევთ. პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებებთან თამაშების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთს გაეჯიბრებიან, 27 ან 28 მარტს კი რუმინეთს უმასპინძლებენ. ქართველი მორაგბეები ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებენ.

📺 პორტუგალია v საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები