Thumbnail

10 ამბავი საბჭოთა ფეხბურთზე, რომლებიც ალბათ არ იცი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 10 ამბავი საბჭოთა ფეხბურთის წარსულიდან
  • სტაროსტინი, ლუჟნიკის ტრაგედია, ზარიას ჩემპიონობა და ა.შ.

საბჭოთა ფეხბურთი და მისი უმაღლესი ლიგა ალბათ იმ იშვიათ ფენომენთა კატეგორიას მიეკუთვნება, რისი ბოლომდე კონტროლიც რეპრესიულმა რეჟიმმა ვერ შეძლო. ამ სიიდან რამდენიმე ისტორიაც ამაზეა, პროტესტის ფორმაზე ფეხბურთის სახით.

მართალია, 1926 წლის ფეხბურთის რეორგანიზაციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთმა მაინც მიიღო ისეთი სახე, რომელმაც შემდეგ უცნაური, თუმცა რაღაც ფორმით მემკვიდრეობის დატოვება მაინც შეძლო.

ამ სიაში არ ვახსენებთ ლობანოვსკის, ბესკოვს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის დინამოს ამბებს (რაც ალბათ ისედაც იცით), არც სსრკ-ის ნაკრების დიდ ტურნირებზე გამოსვლებს და ამ გამოსვლებს შორის მოგონილ, თუ მართალ ისტორიებს შევეხებით.

#1 სპარტაკი და სტაროსტინების გადასახლება

ნიკოლაი სტაროსტინმა საინტერესო ცხოვრება განვლო, საბჭოთა კავშირი მისი კარიერის სტარტზე შეიქმნა და უკვე 88 წლის იყო, როდესაც იმპერიის დაშლას მოესწრო. სტაროსტინის სახელი რუსეთში სპარტაკს უკავშირდება - გუნდის სახელი, ლოგო, ფერები და ყველაფერი სპარტაკის გარშემო მისი შექმნილია. ამ გუნდში თამაშობდა, კაპიტნობდა და 40 წელი (1955-1995) კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. სტაროსტინი 1942 წელს, 4 ძმასთან ერთად (ასევე ფეხბურთელები) ლავრენტი ბერიამ გადაასახლა, შემდეგ დაბრუნებაში სტალინის ვაჟი - ვასილი დაეხმარა. თუმცა სსრკ-ის მარშალმა არ მოისვენა და სტაროსტინმა ბერიას დახვრეტამდე წლები ალმა-ატაში გაატარა, სადაც ყაირატს წვრთნიდა.

#2 ლუგანსკის ზარიას ჩემპიონობა

70-იანი წლები საბჭოთა ფეხბურთში დიდი გარდატეხის ეპოქაა. ამ დროს, უმაღლეს ლიგაში რეგიონალური გუნდები გააქტიურდნენ. 1972 წელს ქვეყნის ჩემპიონი ლუგანსკის (მაშინ ვოროშილოვგრადი) ზარია გახდა. გერმან ზონინის ზარიამდე, საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა მხოლოდ მოსკოვის (27), კიევის (5) და თბილისის (1) გუნდებს ჰქონდათ მოგებული. ზარიას შემდეგ ჩემპიონობა ერევნის, დნეპროპეტროვსკის, სანკტ-პეტერბურგის და მინსკის გუნდებმაც იზეიმეს. ზონინი შემდეგ თბილისის დინამოსაც წვრთნიდა 1987-88 წლებში.

#3 ვიქტორ მასლოვი - პრესინგის პიონერი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა გუნდებმა დასავლეთ ევროპული ტურნეები ჩაატარეს. ამ მატჩების ანალიზის შემდეგ, მოსკოვის ტორპედოს მწვრთნელმა ვიქტორ მასლოვმა ანტიკური 2-3-5 სათამაშო სქემა 4-2-2-ით შეცვალა, მას პრესინგის ელემენტები დაუმატა და ამ ქმედებით საბჭოთა ფეხბურთისთვის დამახასიათებელი სტილი განსაზღვრა. სათამაშო ელემენტების გარდა, მასლოვი მოედანს გარეთ ფეხბურთელების ცხოვრებაზეც დაფიქრდა, გუნდში სიგარეტის მოწევა (საკუთარი თავის გარდა) ყველას აუკრძალა და შემოიღო დიეტის, სწორი კვების ფენომენი, რაც მანამდე საბჭოთა ფეხბურთელისთვის უცხო მოვლენა გახლდათ.

#4 1956 - მელბურნის ოქრო

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მუნდიალზე პირველად 1958 წელს ითამაშა, ხოლო აქედან 2 წელიწადში, 1960 წელს, ცოტა უცნაური ფორმატის და ხასიათის მქონე პირველი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ბევრი ფიქრობს, რომ საბჭოთა სანაკრებო ფეხბურთის პირველი წარმატება სწორედ ეს არის... მაგრამ რეალურად, სსრკ-მ პირველი აღიარება 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მელბურნში მოიპოვა, სადაც ნაკრების ღირსებას ედუარდ სტრელცოვი, ვალენტინ ივანოვი, ნიკიტა სიმონიანი, იგორ ნეტო და ლევ იაშინი იცავდნენ.

#5 ჟიულ ლიმბეკის თბილისური ვოიაჟი

1936-37 წლების სეზონში თბილისის დინამოს უნგრული წარმოშობის ფრანგი მწვრთნელი ჟიულ ლიმბეკი წვრთნიდა. გალათასარაის და ლიონის ოლიმპიკის ყოფილმა მწვრთნელმა დიდი წვლილი შეიტანა დინამოს ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებაში და კლუბი 1936 წლის საბჭოთა კავშირის თასის ფინალში გაიყვანა. თბილისის შემდეგ ფრანგი სპეციალისტი სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა და ადგილობრივ ლოკომოტივს წვრთნიდა. საბჭოთა წყაროების ნაწილი ამტკიცებს, რომ იგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა და 1937 წელს დახვრიტეს.

#6 საბედისწერო გოლი და ლუჟნიკის ტრაგედია

1982 წლის უეფას თასის მეორე რაუნდში მოსკოვის სპარტაკი ჰოლანდიურ ჰარლემს დაუპირისპირდა. მატჩის დღეს, 20 ოქტომბერს, მოსკოვში ტემპერატურა მოულოდნელად მინუს 10-ზე დაეცა, სწორედ ამიტომ, მხოლოდ 16 000 ბილეთი გაიყიდა და მეორე იარუსზე მხოლოდ აღმოსავლეთის და დასავლეთის სექტორები გააღეს. 12 000 მაყურებელი აღმოსავლეთისკენ გაეშურა. მატჩი 1:0 სრულდებოდა, ხალხიც სიცივეს სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაექცა. თუმცა ქუთაისში დაბადებულმა და ქუთაისის ტორპედოს აღზრდილმა სერგეი შვეცოვი 90-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და ტრიბუნისკენ მობრუნებულ ხალხს და სექტორიდან ჩამსვლელებს შორის ჭყლეტვა მოხდა - 66 ადამიანი გარდაიცვალა, 61 მძიმედ დაშავდა. „ვისურვებდი, რომ ეს გოლი არ გამეტანა“ - ამბობდა შვეცოვი წლების შემდეგ.

#7 სერგეი შავლო - პირველი ნაბიჯები დასავლეთში

1987 წელს მოსკოვის ტორპედოდან ვენის რაპიდში სერგეი შავლოს ტრანსფერი იმდროინდელ საბჭოთა ფეხბურთში ეპოქალური გარღვევა იყო. ამ ტრანსფერს, უმაღლესი ლიგიდან ფეხბურთელების მასიური გადინება მოჰყვა. შავლოს ვენაში გადასვლიდან მალევე, ჩემპიონატიდან წავიდნენ - სერგეი ბალტაჩა (იფსვიჩ თაუნი), ალეკსანდრ ზავაროვი და სერგეი ალენიკოვი (იუვენტუსი), ალეკსეი ჩერედნიკი (საუთჰემპტონი), სერგეი გოცმანოვი (ბრაიტონი), ვალდას ივანაუსკასი (ვენის აუსტრია) და სხვები.

#8 მრ. დინამო - იური პუდიშევი

1982 წელს მინსკის დინამო საბჭოთა უმაღლესი ლიგის ჩემპიონი ისტორიაში პირველად და უკანასკნელად გახდა. გუნდის ღირსებას სერგეი გოცმანოვთან და სერგეი ალენიკოვთან ერთად, იური პუდიშევი იცავდა. პუდიშევი 2 ფაქტითაა ცნობილი - ერთი, რომ 7 სხვადასხვა ქალაქის დინამოში აქვს ნათამაშები - მოსკოვის, მინსკის, სტავროპოლის, სამარყანდის, ბარნაულის, იაკუტსკის და მეორე, ბოლოს 2010 წელს სიმბოლურად ბრესტის მაისურითაც ითამაშა, სადაც უკვე 56 წლის იყო და ბელარუსის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

#9 ტყვეების გათავისუფლება და შერიგების მატჩი

1955 წლის 21 აგვისტოს, საბჭოთა კავშირმა მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონი, დასავლეთ გერმანიის ნაკრები მიიწვია. ამხანაგური მატჩის სანახავად ასევე 1 500 სტუმარი მაყურებლის ვიზიტიც დაუშვეს. მასპინძლებმა 80 000 მაყურებლის წინაშე გერმანია 3:2 დაამარცხეს. ამ შემთხვევიდან 1 თვის შემდეგ, დასავლეთ გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი ნიკიტა ხრუშჩოვს შეხვდა და ამ შეხვედრის შემდეგ, ომის დროს სსრკ-ში გამოკეტილი 10 000 გერმანელი სამხედრო ტყვე გაათავისუფლეს და სამშობლოში დააბრუნეს.

#10 დიდი ინვესტიცია კიევში - 12 მილიონი რუბლი

კიევის რესპუბლიკური სტადიონი, რომელსაც 1941 წლის განახლების შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვის სახელი უწოდეს, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტი გახლდათ. არაინდუსტრიული პროექტები რომ არ ჩავთვალოთ, ახალი მთავრობის სახლის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ნაგებობა იყო, რომლის მშენებლობაც 12 237 600 რუბლი დაჯდა. განახლებული ტრიბუნების გარდა, სტადიონს დაამატეს გასახდელები (საშხაპეებით), ადმინისტრაციული კორპუსი და სხვა ტექნიკური შენობა-ნაგებობები, რაც მაშინ სსრკ-ის მოედნებზე სიახლე გახლდათ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები