Thumbnail
  • 📅 9 მარტი | ⌚ 19:00 | ⚽ დინამო თბილისი V დინამო ბათუმი
  • ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები სეზონში პირველად შეხვდებიან
  • 2 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს
  • გიორგი ნემსაძისა და გია გეგუჩაძის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს

ბოლო წლების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში მთავარი თამაშია - ჩემპიონი დინამო თბილისი და ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი წელსაც ოქროს მედლების მთავარი კანდიდატები არიან.

სეზონი ახალი დაწყებულია და ჯერ დასკვნების გაკეთება ადრეა, მაგრამ პირველ ორ ტურში გამოჩნდა, რომ საუკეთესო ფორმაში გიორგი ნემსაძის გუნდია და არც გია გეგუჩაძის. ორივე დინამოს 4 ქულა აქვს. თუ პირველ ტურში დინამო ბათუმმა მოიგო და დინამო თბილისმა ქულები დაკარგა, მეორე ტურში ყველაფერი პირიქით მოხდა. ამრიგად, ორივეს სტარტიც იდენტურია და თამაშის წინ ფავორიტის დასახელება შეუძლებელია. თბილისელებმა ჯერ შინ სამგურალს ვერ მოუგეს (1:1), მერე კი ტორპედოს სტუმრად 2:0 აჯობეს, ხოლო ბათუმელებმა ტორპედოს 1:0 მოუგეს და შუქურასთან აჭარულ დერბიში ფრე ითამაშეს (1:1). საინტერესოა, რომ 3 ქულა ორივემ ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ მოიპოვა, ქულები კი ელიტაში დაბრუნებულ გუნდებთან დაკარგეს.

მწვრთნელების დუელიც დიდ ინტერესს იწვევს. ნემსაძემ გასულ სეზონში გორის დილაში ძალიან კარგად იმუშავა და მშობლიური კლუბის ნდობა დაიმსახურა, გეგუჩაძეს კი გაცილებით დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. საინტერესოა, რომ მათ ერთადაც უმუშავიათ, ოღონდ, როგორც მწვრთნელსა და ფეხბურთელს. 2004/05 წლების სეზონში გეგუჩაძე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი იყო, ნემსაძე - გუნდის კაპიტანი. სწორედ იმ სეზონში, დინამო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "მართალია, წინა თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამას ჩვენს განწყობაზე უარყოფითად არ უმოქმედია და დინამოსთან მატჩისთვის თითოეული ფეხბურთელი ბრძოლისთვის მზად არის. მარტივი თამაში არ იქნება, თუმცა მოედანზე მოსაგებად გავალთ. ჯერ სეზონი მხოლოდ ორი ტურის დაწყებულია და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. დინამო თბილისი კარგი, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდია, ისევე როგორც ჩვენ და ვფიქრობ, საინტერესო თამაში იქნება".

საინტერესო ფაქტები

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 60-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა: 41 მოგება, 10 ფრე და 9 წაგება (124:53 ბურთების ბალანსი თბილისელთა სასარგებლოდ).

დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის ყველაზე პოპულარული ანგარიშია - 1:0 (11-ჯერ). შემდეგ მოდის 2:1 (8-ჯერ) და 3:1 (7-ჯერ).

ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება მათ შორის 1994 წლის 18 სექტემბერს შედგა, როცა დინამო თბილისმა 5:3 მოიგო. თბილისელთაგან ხუთივე გოლი არველაძეებმა გაიტანეს: არჩილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, შოთამ - დუბლი. სხვათა შორის, ანალოგური ანგარიში დაფიქსირდა 2012 წლის 11 ნოემბერს და ისევ თბილისელებმა იმარჯვეს.

გია გეგუჩაძე დინამო თბილისის მწვრთნელი იყო და სწორედ მისი ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, ქართული კლუბი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. იმ გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლდათ.

დინამო თბილისს დინამო ბათუმი ყველაზე დიდი სხვაობით 2007 წლის 29 ივლისს ჰყავს დამარცხებული (7:0), ხოლო ბათუმელთა ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება 2004 წლის 3 ოქტომბრით თარიღდება (3:0).

ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო თბილისის ბოლო 5 შეხვედრაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმის ბოლო 5 თამაშში კი, 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმს დინამო თბილისთან 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 2 წაგება). ბოლოს აჭარლებმა პრინციპული მეტოქე 2019 წლის 11 მაისს, საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხეს. თბილისში კი ბათუმელებმა იმავე წლის 10 მარტს 1:0 იმარჯვეს.

დინამო ბათუმის ღირსებას დინამო თბილისის რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი იცავს, მათ შორის, გიორგი ზარია და ლევან მჭედლიძე. ორივე მათგანმა ბათუმელთა წინააღმდეგ ბოლოს ჩატარებულ შეხვედრაში თბილისელთა მაისურით გოლი გაიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

დინამო თბილისი (3-4-1-2): კვასხვაძე - პაპავა, ბენიო, მონხილი - სპორსკლედე, რადინი, მექვაბიშვილი, ახვლედიანი - გაგნიძე - მარუშიჩი, გაბედავა.

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი - ნიქაბაძე

კომენტარები

ბოლო ამბები