Thumbnail
  • მადრიდული გრანდი ერლინგ ჰაალანდის გადაბირებას გეგმავს
  • ნორვეგიელ ტალანტს ბუნდესლიგის 19 მატჩში 19 გოლი აქვს

მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას ვარსკვლავ ერლინგ ჰაალანდის გადაბირების იმედს არ კარგავს. ესპანურ გრანდში თვლიან, რომ 20 წლის ნორვეგიელის ყიდვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც უახლოეს წლებში ის მსოფლიოს ფეხბურთის წამყვან ფიგურად იქცევა.

მადრიდული As-ის ცნობით, რეალი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ზაფხულში ეცდება და სავარაუდოა, რომ ჯამში 270 მილიონი ევროს გაღება მოუწევს, საიდანაცა 150 მილიონი უშუალოდ ტრანსფერს მოხმარდება, დანარჩენი კი ერლინგის ხელფასი იქნება 6 წლის განმავლობაში.

საინტერესოა, რომ დორტმუნდელები ჰაალანდთან განშორებას მინიმუმ 2022 წლამდე არ აპირებდნენ, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, შესაძლოა, ამ ნაბიჯზე წასვლა მოუწიოთ. ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ ბორუსიასა და რეალის ხელმძღვანელებს კარგი ურთიერთობები აქვთ, ამდენად, დორტმუნდი იმაზეც კი იქნება თანახმა, რომ ნორვეგიელის სანაცვლოდ მილიონები ნაწილ-ნაწილ მიიღოს.

ცნობისთვის, ჰაალანდს გერმანული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 19 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. მას დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნორვეგიელს ბორუსიას დატოვება 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, მაგრამ არა 2021, არამედ 2022 წელს.

კომენტარები

ბოლო ამბები