Thumbnail
  • ახალი პრეზიდენტის მთავარი გამოწვევები ლეო მესის კონტრაქტი და ფინანსებია
  • 'კამპ ნოუს' რეკონსტრუქცია და ახალი სპონსორები შემოსავლების გასაზრდელად
  • ჟოან ლაპორტას მთავარი პრიორიტეტი არგენტინელის შენარჩუნებაა

ჟოან ლაპორტამ ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 54 პროცენტი მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეს მოსალოდნელიც იყო - ლაპორტას ბარსას უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია.

ამასთან ერთად, მკაცრი შესარჩევი კრიტერიუმები და რეგულაციები ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების რაოდენობას ძალიან ამცირებს: კანდიდატი კატალონელი უნდა იყოს, სოლიდური (რამდენიმე მილიონის) პირადი შემოსავლები უნდა გააჩნდეს, მაღალი რანგის ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ჰქონდეს და ბარსელონასთან იყოს ორგანიზაციულად დაკავშირებული. ჩვეულებრივ, ამ კრიტერიუმებს ცოტა ვინმე თუ აკმაყოფილებს ხოლმე.

ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ დაიწყებს ლაპორტა თავის მეორე მოღვაწეობას. რას უნდა ველოდოთ მისგან და რა ნაბიჯებს გულისხმობს მისი საარჩევნო პროგრამა?! უახლოეს მომავალში ლაპორტას ორი მთავარი გამოწვევა კლუბის ფინანსური მდგომარეობა და მესის კონტრაქტის საკითხია.

ფინანსები

ბარსელონას ჯამური ვალი მილიარდ ორასი მილიონი ევროა, საიდანაც 720 მილიონი კატალონელებმა უახლოეს მომავალში უნდა გადაიხადონ. ლაპორტას პროგრამა ახალი სპონსორების მოზიდვის გზით წელიწადში დამატებით 250 მილიონი შემოსავლის მიღებას გულისხმობს. მას 35 სხვადასხვა კატეგორია აქვს არჩეული, სადაც კლუბმა ახალი სპონსორები უნდა მოიზიდოს და დარწმუნებულია, რომ წინა ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით მაქსიმუმს არ აკეთებდა.

გარდა ამისა, ის აპირებს 2023 წლამდე ახალი ვალის აღებას -  ნაწილის სახელმწიფოსგან, ანუ კატალონიის მთავრობისგან და ნაწილის გულშემატკივრებისგან, რომლებსაც ობლიგაციებს მიყიდიან და სანაცვლოდ მათ კლუბის მმართველობაში უფრო აქტიურად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

კამპ ნოუს რეკონსტრუქცია ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი გეგმაა

გარდა ამისა, იგეგმება "კამპ ნოუს" და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია. სტადიონის მოცულობა უნდა გაიზარდოს, რაც დასწრებას და ავტომატურად, კლუბის შემოსავლებს გაზრდის. გარდა ამისა, "კამპ ნოუს" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი გასართობი და სპორტული კომპლექსი თავისი საწვრთნელი ბაზით, ახალი საკალათბურთო დარბაზით და გასართობი დაწესებულებებით.

მესის საკითხი

ლაპორტა ის კანდიდატი იყო, რომელიც მესის კლუბში შენარჩუნებას ყველა ხერხით უჭერდა მხარს. მის არჩევასთან ერთად, იზრდება იმის შანსი, რომ ლეო ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ლაპორტა მიიჩნევს, რომ ფინანსური პრობლემების მიუხედავად, მესი თავის შემოსავალს იმსახურებს, რადგან მისი ხელფასი კლუბის შემოსავლების მხოლოდ 8%-ია, თავად მესის ფაქტორი კი მარკეტინგის სამსახურის დათვლით, კლუბის შემოსავლებს 30 პროცენტით ზრდის. მისი საარჩევნო კამპანიაც სწორედ ამ დევიზზე იდგა, რომ მხოლოდ ის არის კანდიდატი, რომელსაც მესის კლუბში შენარჩუნება შეუძლია.

მესი სუპერვარსკვლავად სწორედ ლაპორტას პირველი პრეზიდენტობისას იქცა

სავარაუდოა, რომ ახალი კონტრაქტთან ერთად, სწორედ მესისთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება ახალი მწვრთნელის ვინაობა და გუნდის შემდეგი სატრანსფერო სტრატეგია. კუმანი კლუბში ფეხბურთელებთან კონსულტაციის გარეშე მიიყვანეს და თუკი მან ამ სეზონში, სულ მცირე, ესპანეთის ჩემპიონობა მაინც ვერ მოიგო, მისი ბედი კლუბში გადაწყვეტილი იქნება.

მოკლედ, დიდი შანსია, ბარსა ახალ სეზონს ახალი მწვრთნელით შეხვდეს. ინგლისური პრესის ცნობით, ლაპორტას ფავორიტი მიქელ არტეტაა.

კომენტარები

ბოლო ამბები