Thumbnail

'სევილიის და ლევერკუზენის დონეზე მზადაა' - რუბინის ანალიტიკოსი ხვიჩაზე

  • რუბინის სამწვრთნელო შტაბის წევრმა კვარაცხელიას პროგრესზე ისაუბრა
  • ნიკიტა ვასიუხინის თქმით, 20 წლის ფეხბურთელი განვითარებას აგრძელებს  

ყაზანის რუბინი რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში მოქმედ ჩემპიონსა და სატურნირო ცხრილის ლიდერს, სანკტ პეტერბურგის ზენიტს მასპინძლობს. ყაზანურ გუნდში განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელიასი ეიმედებათ, რომელიც წინა ტურში მოსკოვის სპარტაკთან (2:0) საუკეთესოდ დაასახელეს. 

ხვიჩა კვარაცხელია ზენიტთან მატჩისთვის ემზადება

თამაშის წინ რუსული მედია რუბინის სამწვრთნელო შტაბის წევრს ნიკიტა ვასიუხინს ესაუბრა, რომელიც კლუბში მატჩების წინ მეტოქეთა ანალიზისა და სელექციის მიმართულებით მუშაობს. ვასიუხუნმა ინტერვიუში დიდი ყურადღება სწორედ 20 წლის ქართველ ნახევარმცველს დაუთმო.

"ის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, ხოლო ლიგაში - ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე. პირველ რიგში აღსანიშნავი მისი ნიჭიერება და მონაცემები, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი და მწვრთნელების გაწეული სამუშაოა. ხვიჩას ძალიან არაერთგვაროვანი დრიბლინგი აქვს და ეს არამხოლოდ "სუფთა" ბურთზე, მჭიდრო კონტაქტის დროსაც. შეუძლია კორპუსის ჩადგმაც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კვარამ ფიზიკურად ძალიან მოუმატა.

ის, რისი გაუმჯობესებაც მას სჭირდება, ეს შეტევის დასრულება, მომენტების შექმნაა. ამაზე გამუდმებით ამახვილებს ყურადრებას სამწვრთნელო შტაბიც. 

როგორც ფეხბურთელი, ხვიჩა სულ უფრო ღვინდება. თუკი უწინ გამუდმებით დრიბლინგზე იწევდა, ატყუებდა ორს და მიდიოდა მესამეზე, ახლა ბურთის შენარჩუნების ვარიანტსაც ეძებს.

ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის სპარტაკთან შეუჩერებელი იყო

მოსკოვის სპარტაკთან ხვიჩას პასების სიზუსტე 60 პროცენტზე დაბალი იყო, მაგრამ ხარისხთან მიმართებაში ეს არაფერს ნიშნავს. მისი პასების ფასი, რომლებიც მიზნამდე აღწევს, ძალიან მაღალია. დაკარგვა კი არცთუ სახიფათოა, რადგან ის ბურთს, მეტოქის კონტრშეტევის თვალსაზრისით, უსაფრთხო ზონაში კარგავს. 

გვაქვს მეტრიკა, რომელიც აფასებს, როგორია ფეხბურთელის გავლენა გუნდის ბურთის ფლობაზე, ბალანსისა და გოლის გატანის შანსის მხრივ, ასევე - გოლის გაშვების შანსის შემცირების მხრივ. მის თანახმად, ხვიჩას გასულ ტურში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - როგორ პასებს აკეთებდა, როგორ ატარებდა ბურთს და აიძულებდა მეტოქეებს, დაჯარიმებულიყვნენ. 

არის თუ არა ის ტოპჩემპიონატისთვის მზად? თუკი ვსაუბრობთ სევილიისა და ლევერკუზენის დონეზე, დიახ, მზადაა. ვფიქრობ, ის შეძლებს ამ გუნდებში შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლას და თავის წარმოჩენას ლიგის დონეზე. ის ძალიან ძლიერი შემსრულებელია, რომელიც კიდევ განვითარდება", - ამბობს ვასიუხინი გამოცემა "სპორტ ექსპრესთან"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით არაერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის ამ სეზონში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით). ხვიჩა 5-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც რუსეთის პრემიერლიგის ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

ყაზანის რუბინს ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები