Thumbnail

ბრუკლინ ნეტსმა NBA-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი დიდი გარიგება სრულყო. ჯეიმს ჰარდენის, კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის გარშემო აწყობილ გუნდში ოლ სტარის ექვსგზის მონაწილე ბლეიკ გრიფინიც ითამაშებს, რომელიც კონტრაქტს უკვე დათანხმდა. ეს ინფორმაცია მისმა აგენტმა სემ გოლდფედერმა ESPN-ს უკვე დაუდასტურა.

31 წლის გრიფინი გასულ პარასკევს დეტროიტ პისტონსს ე.წ. Buyout-ზე შეუთანხმდა, რის შემდეგაც მისი გადაბირების სურვილი ბევრმა კლუბმა გამოთქვა. ბრუკლინი, რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო, რადგან ნეტსს ჯეიმს ჰარდენის გადაბირების შემდეგ სუპერშემადგენლობა ჰყავს (ჰარდენი, დურანტი, ირვინგი) და ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. 37 თამაშის შემდეგ ნეტსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიდერ ფილადელფიას ჩამორჩება.

ზაზა ფაჩულია და ბლეიკ გრიფინი დეტროიტში თანაგუნდელები იყვნენ

ბლეიკ გრიფინის კარიერაზე მუხლის რამდენიმე ტრავმამ დიდი გავლენა იქონია და ერთ დროს ჩატენვების სპეციალისტის კარიერა დრამატულად შეცვალა. დღეს გრიფინის მთავარი უნარები სამქულიანები და ასისტებია. ამ სეზონში მან პისტონსისთვის 20 თამაში ჩაატარა და საშუალოდ მატჩში 12,3 ქულას, 5,2 მოხსნას და 3,9 პასს აგროვებდა. 2009 წლის პირველ პიკს კარიერის საუკეთესო პერიოდი ლოს ანჯელეს კლიპერსში, დეანდრე ჯორდანთან და კრის პოლთან ერთად აქვს გატარებული, დეტროიტში კი ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები