Thumbnail
  • ალესანდრო დელ პიერომ Sky-ზე ექსპერტად დაიწყო მუშაობა
  • სინიშა მიხაილოვიჩმა ჯარიმების შესრულების ტექნიკაზე ისაუბრა
  • ახალი თაობა ჯარიმებს მათზე ბევრად უარესად ურტყამს

ალესანდრო დელ პიერო და სინიშა მიხაილოვიჩი, ანდრეა პირლოსთან ერთად, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებლებად მიიჩნევიან. მათ ანგარიშზე ათეულობით გატანილი ჯარიმაა - მიხაილოვიჩს და პირლოს 28-28 ჯარიმა აქვთ გატანილი, დელ პიეროს კი - 22.

ნაპოლისთან შეხვედრის შემდეგ დელ პიერომ ბოლონიას მწვრთნელ მიხაილოვიჩს შეკითხვა სწორედ ამ თემაზე დაუსვა - ახალი თაობის შემსრულებლები ჯარიმებს ბევრად უფრო ცუდად არტყამენ. ეს სტატისტიკურადაც დასტურდება.

მიხაილოვიჩი: "ახალ თაობას ის უპირატესობა აქვს, რომ სფრეი "კედელს" ზუსტად 9 მეტრზე აფიქსირებს და "კედელი" ახლოს ვეღარ მოდის. ჩვენ დროს ეს ასე არ იყო. ისეთი "ცოცხალი კედელით", როგორიც დღეს არის, თვალდახუჭული გავიტანდით. ახლაც კი, როდესაც კარიერა 15 წლის წინ დავასრულე, ვარჯიშზე ყველა ჩემს ფეხბურთელებზე მეტი ჯარიმა გამაქვს".

მიხაილოვიჩმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ახალი თაობის მოთამაშეები ჯარიმებზე საკმარისად არ ვარჯიშობენ.

მიხაილოვიჩი: "ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს, რომ ვარჯიშის შემდეგ დავრჩენილიყავი, ცალკე მევარჯიშა და სხვა მოთამაშეებს შევჯიბრებოდი. ამას ჩვენით ვაკეთებდით. 15 წელია, მწვრთნელი ვარ და არ მახსენდება არცერთი მოთამაშე, რომელიც ვარჯიშის შემდეგ თავისი ნებით დარჩენილიყო. მე ვეუბნები ხოლმე, რომ დარჩნენ და დამატებით ივარჯიშონ. სანამ თამაშზე ჯარიმას დაარტყამ, იქამდე დარტყმა ვარჯიშებზე უნდა დახვეწო".

დელ პიერომ იტალიურ "სქაი სპორტზე" ექსპერტად დაიწყო მუშაობა. ეს მისი პირველი ტური იყო, როცა ის ექსპერტის რანგში გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს.

კომენტარები

ბოლო ამბები