Thumbnail
  • დვალიშვილის მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა პიოტრ იანს ქამარი დაათმობინა
  • ბრძოლის შემდეგ მერაბმა ტვიტერში ალჯამეინთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა 
  • რუსმა სპორტსმენმა ფოტოს მასხარის ემოჯი დაუსვა

UFC-ის მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა უმსუბუქეს წონაში პრომოუშენის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს შეურაცხყოფაზე უპასუხა. მანამდე იანმა ქართველ სპორტსმენს და მის ამერიკელ მეგობარ ალჯამეინ სტერლინგს, რომელთანაც ახლახან ქამრისთვის ბრძოლა წააგო, "მასხარები" უწოდა. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსმა მებრძოლმა ლას ვეგასში, ალჯამეინ სტერლინგთან გამართული ბრძოლის მეოთხე რაუნდში აკრძალული ილეთი გამოიყენა, რისთვისაც წაგება ჩაეთვალა და მეტოქეს ჩემპიონის ქამარი დაუთმო.


ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სტერლინგთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელს ქამარი მხარზე აქვს გადაკიდებული. პიოტრ იანმა დვალიშვილის პოსტზე ემოჯი "მასხარა" დასვა, თავის გვერდზე კი ირონიულად აღნიშნა, რომ სტერლინგი კარგადაა. 

"შენ ბოდიში მოიხადე ტვიტერზე, მაგრამ აქ ნამდვილი სახე გამოაჩინე. მოეშვი მენეჯერისთვის თხოვნას, შენს ნაცვლად ტვიტერში წეროს შეტყობინებები და რევანშის წინ წესები შეისწავლე", - დაუწერა დვალიშვილმა იანს სოციალურ ქსელში. 

რუს მებრძოლს თავად სტერლინგმაც უპასუხა: 

"პიოტრ, მომეცი უფლება მუხლი საფეთქელში დაგარტყა და მერე ვნახოთ, ვინ იქნება მასხარა. ვაღიარებ, მეოთხე რაუნდში შენ უფრო ხშირად ეცემოდი, მაგრამ სტატისტიკურად ჩვენი ბრძოლა თანაბარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ადრე დავიღალე. აქ მასხარა თავად ხარ". 

დამარცხებულად გამოცხადებულ რუსს რევანში სურს 

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა ალჯამეინ სტერლინგმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ, რუს პიოტრ იანს მატჩ-რევანშში დაუპირისპირდეს.

30 წლის მერაბ დვალიშვილს, რომლის ანგარიშზე UFC-ში 7 ბრძოლაა (5 მოგება, 2 მარცხი), ალჯამეინ სტერლინგთან მეგობრობა აკავშირებს და ლას ვეგასში მის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები