Thumbnail

2021 წლის ოლ სტარს ატლანტამ უმასპინძლა. კოვიდ-რეგულაციები ჯორჯიის შტატში მსუბუქია და საკალათბურთო სეზონის მთავარ შოუს გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც დაესწრო.

ლებრონის გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა და მათ ეს სტატუსი სრულად გაამართლეს. ახალი სისტემით, როდესაც გუნდებს კაპიტნები ირჩევენ, ლებრონმა მოახერხა და უფრო ძლიერი გუნდი შეკრიბა. თავად ლებრონის, იანისის, კარის, იოკიჩის და დონჩიჩის ხუთეული უფრო ძლიერად გამოიყურებოდა, ვიდრე KD-ს გარეშე დარჩენილი მისი გუნდი, რომელშიც ლეონარდი, ტეიტუმი, ზაიონი, ირვინგი და ბრედლი ბილი თამაშობდნენ. 

ლებრონის გუნდმა მეორე მეოთხედი 19 ქულით მოიგო და მთელი თამაში მეტოქეზე კონტროლი არ დაუკარგავს - მეტოქე 10 ქულაზეც კი ვერ დაეწია. თავად ლებრონი ოლ სტარამდე ბევრს წუწუნებდა, რომ ძალიან გადაიღალა და თამაშშიც თავი ვერაფრით გამოიჩინა. მან სულ რაღაც 13 წუთი ითამაშა, 7-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და თამაში 7 ქულით დაასრულა.


ოლ სტარის მთავარი კაცი იანის ანტეტოკუმპო გახდა. Greek Freak-მა არამხოლოდ ყველაზე მეტი, 35 ქულა ჩააგდო, არამედ მოახერხა და არცერთი ბურთი არ ააცილა. 19 წუთში მან 16-დან 16 სროლა გამოიყენა. მატჩის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი დემიენ ლილარდის პერფორმანსი გახლდათ. ლილარდი ძალიან კარგი სეზონის მიუხედავად, ძირითად ხუთეულში ვერ მოხვდა და გაბრაზებულმა 32 ქულა ჩააგდო. 28 ქულა ჰქონდა სტეფ კარის. მატჩის ყველაზე შედეგიან სამ მოთამაშეს შორის სამივე ლებრონის გუნდიდან იყო.

დურანტის გუნდიდან საუკეთესო 26 ქულით ბრედლი ბილი აღმოჩნდა. 24 ქულა ჩააგდო კაირი ირვინგმა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-რეგულაციების გამო თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღეს ბენ სიმონსმა და ჯოელ ემბიიდმა, რომელიც ამ სეზონში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

მატჩის შედეგიდან და პირადი რეზულტატურობიდან გამომდინარე კობი ბრაიანტის სახელობის ძალიან პრესტიჟული ოლ სტარის MVP-ის ჯილდო იანის ანტეტოკუმპომ არავის დაუთმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები