Thumbnail

ახალი ერა ბარსელონაში - ჟოან ლაპორტა პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტი 11 წლის შემდეგ ისევ გახდა
  • პირველივე კომენტარში მან ლიონელ მესის თემას ხაზი გაუსვა

ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა! 58 წლის ესპანელმა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ლაპორტამ ხმების 54.28% მიიღო, უფრო კონკრეტულად - 30.184 ხმა.

მეორე ადგილზე ვიქტორ ფონტი გავიდა, რომელსაც ხმების 29.99% (16.679) ერგო, ხოლო მესამე პოზიცია ტონი ფრეიქსამ დაიკავა 8.58%-ით (4.769 ხმა). ამგვარად, ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტის პოსტს მეორედ იკავებს. მან პირველად კატალონიურ კლუბს 2003-2010 წლებში უხელმძღვანელა და ძალზე წარმატებულადაც.

ლაპორტას პირველ ერაში ბარსას აღმავლობა დაიწყო და 7 წელიწადში 12 ტიტული მოიგო - ლა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, თითოჯერ კი ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.

"მინდა ყველა წევრს მადლობა გადავუხადო. ეს არჩევნები პანდემიის გამო მაქსიმალურად რთულ პირობებში ჩატარდა. ძალიან მადლიერები ვართ ყველას მიმართ, ვინც შესაძლებელი გახადა დემოკრატიის ზეიმი. ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც დაგვეხმარა - გუნდს, მოხალისეებს. ალბათ, ეს იყო ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე გრძელი კამპანია. მადლობა ჩემს კოლეგებს, მათ გარეშე არჩევნებში ვერ გავიმარჯვებდი. დღეს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭმა, სახელად ლეო მესიმ, ახალგაზრდულ გუნდში პირველად ითამაშა. ის დღეს მსოფლიოში საუკეთესოა და აქ თავის შვილთან ერთად მოვიდა, ეს სამაგალითოა. ლეოს უყვარს ბარსა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ბარსა უყვარს. იმედი მაქვს, ის აქ დარჩება, ჩვენი სურვილიც ეს არის", - თქვა ლაპორტამ პრეზიდენტის რანგში პირველად.

ესპანური მედიის ცნობით, ლაპორტა ორშაბათს გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს შეხვდება და მასთან ისაუბრებს, ოთხშაბათს, გუნდთან ერთად პარიზში იქნება, სადაც ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი აქვს პარი სენ-ჟერმენთან. მომდევნო დღეებში კი მთავარი ამოცანა ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება იქნება, რადგან მოგეხსენებათ, არგენტინელს ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტს 2014-2020 წლებში ჟოზეპ ბარტომეუ იკავებდა, რომელმაც კლუბი სკანდალებისა და გულშემატკივრების პროტესტის ფონზე დატოვა, ხოლო თავის მხრივ, ლაპორტა 2010 წელს, სანდრო როსელმა შეცვალა, რომელმაც კლუბში 4 წელი იმუშავა.

კომენტარები

ბოლო ამბები