Thumbnail

მამუკელაშვილის დიდი აღიარება - სანდრო სიმბოლურ ხუთეულში ერთხმად დაასახელეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

21 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს კონფერენცია BIG EAST-ის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, თანაც ის, გუნდების მწვრთნელებმა თავის პოზიციაზე ერთხმად დაასახელეს, რაც დიდი წარმატებაა.

საინტერესოა, რომ სეტონ ჰოლის კალათბურთელი საუკეთესოთა შორის ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ მოხვდა. გასულ წლებში ამ წარმატებას მაილს პაუელმა (2019, 2020), ანხელ დელგადომა (2017) და აიზია უაიტჰედმა (2016) მიაღწიეს. წლეულს მამუკელაშვილის გარდა, ერთხმად მხოლოდ 1 კალათბურთელი აირჩიეს – ვილანოვას ჯერემია რობინსონ-ეარლი.

მამუკელაშვილი კონფერენციაში იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან. ის მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 ასისიტებში (3.1).

სანდრომ 20 ან მეტი ქულის ჩაგდება 12 მატჩში მოახერხა, 2-ჯერ კი 30 ქულასაც უწია. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გამორჩეულია, რადგანაც სეტონ ჰოლის მძიმე ფორვარდთაგან იდენტური რამ მხოლოდ ლიეტუველ არტურას კარნიშოვასს მოეხერხებინა უკვე შორეულ 1993-94 წლების სეზონში.

თებერვალში მამუკელაშვილი პირატების ისტორიაში მხოლოდ 45-ე კალათბურთელი გახდა, ვინც კლუბის მაისურით 1000-ქულიან ზღვარს უწია (ახლა, 1072 ქულა აქვს). ეს საოცარი შედეგია მოთამაშისთვის, რომელმაც სადებიუტო სეზონში მხოლოდ 87 ქულა ჩააგდო, მე-2 სეზონში ტრავმის გამო 10 მატჩი გაუცდა, რამდენიმე შეხვედრა კი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაეშალა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია, ის ასევე იბრძვის კარლ მელოუნის პრიზისთვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი იმ 30 კანდიდატს შორისაა, რომელთაგანაც ერთს კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ და ნეისმიტის ტროფეის გადასცემენ.

ვთქვათ ისიც, რომ სეტონ ჰოლი ამჯერად კონფერენცია BIG EAST-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართება. 11 მარტს, მეოთხედფინალში, მამუკელაშვილის გუნდის მეტოქე სენტ ჯონსი იქნება, რომელთანაც "პირატებმა" რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი 71:81 წააგეს, სანდრომ კი 15 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები