Thumbnail
  • 📅 7 მარტი | ⌚ 19:15 | ⚽ ატლეტიკო V რეალი
  • ატლეტიკო ლიდერია, მაგრამ რეალთან ძალიან უჭირს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

წლევანდელ ჩემპიონატში მადრიდულ დერბის, რომელიც კვირას "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გველის, გაცილებით დიდი სატურნირო დატვირთვა აქვს, ვიდრე "ელ კლასიკოს", რადგან ჩემპიონის საკითხი ამ თამაშში უფრო წყდება. ატლეტიკო 5 ქულით უსწრებს რეალს და თამაში რეზერვში აქვს. ასე რომ, თუ გაიმარჯვებს, მინიმუმ, ერთ მდევარს (ორიდან), ალბათ, საბოლოოდ ჩამოიცილებს...

...მაგრამ თუ "სამეფო კლუბი" გაიმარჯვებს, საჩემპიონო რბოლა ახალი ძალით განახლდება და ლა ლიგის გამარჯვებულის საკითხი კვლავ ღია დარჩება. ფრე, ბუნებრივია, უფრო "მესამ ძალას", ბარსელონას აწყობს, რომელიც ასევე არ კარგავს საჩემპიონო იმედებს. 

ტრიპიერი ბრუნდება, ბენზემა საეჭვოა

ატლეტიკოს დისკვალიფიკაციამოხდილი კირან ტრიპიერი დაუბრუნდა, ეს კი გუნდს დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემას მოუხსნის. დიეგო სიმეონეს საკადრო პრობლემა აღარ აქვს, ხოსე ხიმენესის ტრავმას თუ არ ჩავთვლით, რის გამოც სამხრეთამერიკელის თამაში საეჭვოა. ლემარი და კარასკო გამოჯანმრთელდნენ, ბელგიელი, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც დაბრუნდეს. 

ტონი კროოსმა შტილიკეს გადაასწრო

ზინედინ ზიდანს კი საკადრო პრობლემები მოუზღვავდა, გუნდის ლიდერი ქარიმ ბენზემა, შესაძლოა, ვერ ვიხილოთ. აი, ედენ აზარის, მარიანო დიასის, დანიელ კარვახალის და სერხიო რამოსის თამაში კი გამორიცხულია. მილიტაო გამოჯანმრთელდა, მაგრამ ზიდანი მას ალბათ, მაინც ნაჩოს არჩევს. 

ტიტული? ეს თამაში მხოლოდ 3 ქულას იძლევა

დიეგო სიმეონე

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ჩემპიონის ტიტული ძალიან კარგია, თუმცა ხვალ თამაშზე ორი ტოპგუნდი გადის და ისინი მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძვიან და არა ტიტულისთვის. ამის მერეც, ლა ლიგაში ბლომად თამაში რჩება. როგორი სისტემით ვითამაშებთ რეალის წინააღმდეგ? ორი ვარიანტი დავამუშავეთ, ხვალ გადავწყვეტ". 

ქარიმი ფეხბურთის სიამოვნებაა

ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ბენზემა განსაკუთრებული ფეხბურთელია, ის საოცრად თამაშობს, ქარიმი ფეხბურთისთვის სიამოვნებაა. როცა აქ გადმოვიდა, რას აღარ გაიგებდით მასზე, ახლა კი 10 წლის მერე, ნახეთ, რამდენს მიაღწია ქარიმმა. ნახეთ, რა ფეხბურთელი დადგა. 
რეალ მადრიდი ფავორიტია? არა, დერბის ფავორიტი არ ჰყავს. ძალიან კარგი თამაში გველის. ისეთი, როგორის ნახვაც ფანებს უყვართ. წინა მატჩში გავიმარჯვეთ, მაგრამ არ მესმის, ეს როგორ უნდა დაგვეხმაროს ხვალ. ხვალ კარგად უნდა დავიწყოთ და 90 წუთი არ მოვდუნდეთ, მეტოქე მეტისმეტად კარგია, საამისოდს. ბიჭებს უყვართ დერბის თამაში. 

ეს არის ფინალი, მაგრამ, როგორც სხვა თამაში. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. მაგრამ, რაც უნდა მოხდეს ამ თამაშში, ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. ჩვენი მთავარი აქცენტი დერბიში, კარგად თამაშია". 

საინტერესო ფაქტები

⚽ I წრის მატჩში რეალმა ატლეტიკო ტონი კროოსისა და იან ობლაკის (ავტოგოლი) გოლებით 2:0 დაამარცხა.

⚽ ლა ლიგის ბოლო 38 ტურიდან 36-ში ატლეტიკო დაუმარცხებელია. ერთ-ერთი მარცხი კი მას სწორედ რეალთან ჰქონდა.

⚽ რეალს ატლეტიკოსთან ბოლო 4 დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვია.

⚽ ამ მატჩებში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში რეალის მონაწილეობით ასევე 2.5 გოლზე ნაკლები გადის.

⚽ რეალ მადრიდს ლა ლიგის ბოლო 15 ტურიდან 14-ში არ წაუგია.  

⚽ ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში ატლეტიკოს მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ატლეტიკოსა და რეალის ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9-ში რეალი არ დამარცხებულა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ერმოსო - კორეა, ლორენტე, კოკე, კარასკო - ჟოაო ფელიქსი, ლუის სუარესი 

რეალი (4-3-3): კურტუა - ლუკას ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, როდრიგო  
 

კომენტარები

ბოლო ამბები