Thumbnail
  • UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რუს პიოტრ იანთან უსიამოვნო შეხვედრის ამბავი გაიხსენა
  • 7 მარტს იანი მერაბის ამერიკელ მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს უნდა დაუპირისპირდეს 

UFC-ის მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მსუბუქ წონაში დროებით ჩემპიონზე რუს პიოტრ იანზე ისაუბრა. თბილისის დროით 7 მარტს, ლას ვეგასში, იანი სატიტულო ბრძოლაში ამერიკელ ალჯამეინ სტერლინგს დაუპირისპირდება, რომელიც დვალიშვილთან მეგობრობს და ვარჯიშობს. 

მერაბმა, რომელიც ლას ვეგასში სტერლინგის საგულშემატკივროდ იმყოფება, რუსულ მედიასთან წარსულში პიოტრ იანთან უსიამოვნო შეხვედრის ამბავი გაიხსენა.

პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის შეხვედრა ბრძოლის წინ

"როგორც მებრძოლს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ძალიან ბევრს ლაპარაკობს. დაახლოებით ორი წლის წინ, მე და ალჯო (ალჯამეინ სტერლინგი) მას სასტუმროში შევხვდით. მრისხანე გამომეტყველებით გვიყურებდა და რაღაცას რუსულად ამბობდა. ყურადღება არ მივაქციეთ. 

ჩემთვის გასაგებია, ის ასე ცდილობს ორთაბრძოლისთვის განწყობის შექმნას და მისთვის სასარგებლოა. 

ზოგადად, ბრძოლისთვის ყველა სხვადასხვაგვარად ემზადება. მაგალითად, მე უფრო მეტად ვიღიმები, ვცდილობ პოზიტიური ვიყო, ხელს ვუწვდი ოპონენტს. ეგ კი არა, შეიძლება მეტოქეს წარმატებაც ვუსურვო და ეს არ აისახება ჩემს გამოსვლაზე. მაგრამ პიოტრს სხვანაირი ხასიათი აქვს - ის ოპონენტში მტერს ხედავს და მისი მოკვლა სურს. ამის მიმართ ნორმალური დამოკიდებულება მაქვს", - ამბობს დვალიშვილი, რომელიც იანი-სტერლინგის დაპირისპირებაში თავისი მეგობრის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

30 წლის მერაბ დვალიშვილს MMA-ში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო და 4 დათმო. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში 7 ბრძოლაა, საიდანაც ბოლო 5-ში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები