Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მზადებას განაგრძობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩისთვის, რომელსაც პორტუგალიასთან ჩაატარებს. გუშინ “ბორჯღალოსნებს” კაპიტნის ვარჯიში ჰქონდათ, რომლის შემდეგაც მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ, რომელსაც 2023 წლის მსოფლიოს თასზე კვალიფიკაციისთვისაც მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: “ნებისმიერ მატჩს ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა, ის ფაქტი, რომ ეს საკვალიფიკაციო წელია, პასუხისმგებლობას აორმაგებს. ჩვენ ერთა თასზე ექსპერიმენტების დრო გვაქვს ხოლმე, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ისეთი არ უნდა იყოს, რომ პროცესი დააზიანოს. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა თამაშებზე შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს, ზოგი იძულებითი, ზოგიც კი იმიტომ, რომ პოზიციებზე სიღრმეები გავაჩინოთ. აქედან გამომდინარე, პორტუგალიასთან მატჩისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი და ვფიქრობ, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. პორტუგალია ეცდება, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეს და სწრაფადაც ითამაშოს. შარშან პარიზშიც იმიტომ გვიმასპინძლეს, რომ სწორედ ამ უპირატესობის გამოყენება სურდათ. მაშინ შეცდომებიც გვქონდა და მეტოქემ ამით ისარგებლა, მითუმეტეს, რომ კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათონი არიან. ამჯერად, ვეცდებით, შეცდომები არ დავუშვათ, თავად ვმართოთ თამაში და დომინაცია მოვახდინოთ ორთაბრძოლებში. თუკი ამას მოვახერხებთ, დარწმუნებული ვარ, მატჩი საჩვენოდ შემოტრიალდება”.

მერაბ შარიქაძე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

მერაბ შარიქაძე: “პორტუგალია რაც ჩვენს დივიზიონში დაბრუნდა, ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე იყო. ცდილობენ, რომ სწრაფად ითამაშონ და ტაქტიკა პრინციპში ამაზე აქვთ აგებული. შარშანდელ მატჩში ცდილობდნებ, ჩვენი შეცდომებით ესარგებლათ და ეს კარგადაც გამოუვიდათ. ამჯერად, მზად ვართ, რომ ასეთი შეცდომები არ დავუშვათ და მარტივი ქულები აღარ ვაჩუქოთ. ვიცით, რომ ეს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩია, თუმცა, მართალი გითხრათ, ამაზე დიდი ფოკუსირება არ ყოფილა, რადგანაც ვიცით, რომ მატჩი ასეც და ისეც უნდა მოვიგოთ”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები მარტში რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 4 მატჩს ჩაატარებენ და მათგან სამი სტუმრად უწევთ: პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ, 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთანა და 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთთან. 27 ან 28 მარტს საქართველოს ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები