Thumbnail

ბასილაშვილი დოჰაში ითამაშებს - იქ ფედერერის დაბრუნებას ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი წარუმატებელი სერიის შეწყვეტას ყატარში ეცდება
  • 2021 Qatar ExxonMobil Open წლეულს როჯერის პირველი ტურნირი იქნება

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადი გააკეთა ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 890 920 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ნიკას ზედიზედ მე-5 თამაში ისე აქვს წაგებული, რომ სეტიც არ მოუგია, მიჯრით მე-4 ტურნირს კი პირველ წრეში გამოეთიშა.

სავარაუდოა, რომ ბასილაშვილი შეჯიბრში ძირითადი ბადიდან ჩაებმება, სადაც არაერთ ცნობილ ჩოგბურთელს ვიხილავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი კორტზე ლეგენდარული როჯერ ფედერერის დაბრუნებაა. შვეიცარიელ ვარსკვლავს გასული წლის იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა.

დოჰას ტურნირი 8-13 მარტს არის დაგეგმილი, წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება, ქართველი ჩოგბურთელის შესაძლო მეტოქეთა შორის კი ესპანელები რობერტო ბაუტისტა აგუტი და პაბლო კარენო ბუსტა, ხორვატი ბორნა ჩორიჩი, ბელგიელი დავიდ გოფინი, ფრანგი გაელ მონფილსი, რუსი ანდრეი რუბლიოვი, კანადელი დენის შაპოვალოვი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, შვეიცარიელი სტენ ვავრინკა და სხვები არიან.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს შარშან დოჰაში არ უთამაშია, 2019 წელს კი ყატარში საკმაოდ კარგად გაისარჯა. მაშინ მე-5 ნომრად განთესილმა ნიკოლოზმა ესპანელ ალბერტ რამოს ვინოლასს 6:1, 1:6, 6:1 სძლია, შედეგ ხსენებულ რუბლიოვს 6:3, 6:4 მოუგო, მეოთხედფინალში კი მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი ბრძოლა გაუმართა, სასტარტო სეტიც აართვა, საბოლოოდ კი, 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები