Thumbnail

'რონალდოს ერთი რაღაცის ეშინია' - ხაბიბმა კრიშტიანოსა და ზლატანზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხაბიბ ნურმაგომედოვმა საინტერესო თემებზე ისაუბრა
  • რუსმა მებრძოლმა დაასახელა საფეხბურთო კლუბები, რომლებიც იწვევდნენ

ლეგენდარული მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი რუსულ იუთუბერ KraSava-ს ესაუბრა და საინტერესო თემებზე ილაპარაკა. ხაბიბმა კრიშტიანო რონალდოს მთავარი შიში დაასახელა და თქვა, რომ პორტუგალიელს სურს, მისი მემკვიდრე რონალდო ჯუნიორი იყოს.

"ხშირად ვსაუბრობდით, თითქმის ყოველდღე, მაგრამ როდესაც ვხვდებოდით, ჩვენს მოტივაციაზე ვლაპარაკობდით. მითხრა, რომ სურს, მისი შვილი იყოს მისი მემკვიდრე. როდესაც რონალდო პატარა ბიჭი იყო, მხოლოდ ოცნება შეეძლო, რომ ბუცები ჰქონოდა, მაგრამ მის შვილს ყველაფერი აქვს. მას ეშინია, რომ მისი შვილი არ იგრძობს იმავე შიმშილს, იმავე ვნებას, რაც თვითონ ჰქონდა. როდესაც ყველაფერი გაქვს, ძნელია სწორი მოტივაცია იპოვო. როდესაც რონალდომ ეს მითხრა, არ გამკვირვებია, მაგრამ მისი მოსმენა მსიამოვნებდა. მივხვდი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც არ არის კმაყოფილი ერთი, ორი ან სამი ტიტულით. მან ახლახან მოიგო 30-ე ტიტული, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ვფიქრობ, რომ ორი-სამი სეზონი კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს", - თქვა ხაბიბმა.

ნურმაგომედოვმა ასევე გაამჟღავნა ის მესიჯი, რომელიც ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის წინ ლეგენდარული შვედის ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან მიიღო:

"შრომა ყოველთვის ფასდება, ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენს მენტალიტეტზე. როდესაც პირველი ნომერი ხარ, ადამიანები შენში ყოველთვის რაღაც ცუდს ეძებენ, რათა ზიანი მოგაყენონ. მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვამტკიცებთ, ვინ ვართ", - გაიხსენა რუსმა მებრძოლმა ზლატანის მესიჯი.

მოგეხსენებათ, ხაბიბი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და როგორც ამბობენ, თამაშიც კარგად გამოსდის. მან ოქტაგონიდან წასვლის შემდეგ რუსეთის მე-3 დივიზიონის გუნდისგან კამაზისგან შეთავაზებაც მიიღო. "გთავაზობთ ადგილს ჩვენს გუნდში, PFL ფეხბურთის UFC-ია. ყველა თამაშს გამარჯვებისთვის ვთამაშობთ, ჩვენ ვართ გუნდი, რომლის ამბიციური მიზანი პირველ დივიზიონში გადასვლაა. ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია თქვენი ხელმოწერისთვის. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უბრალოდ, უნდა ჩაწეროთ დაწყების თარიღი და ხელი მოაწეროთ", - წერდა ცოტა წინ რუსული გუნდის ვებგვერდი. ამასთან, ხაბიბმა თქვა, რომ წინადადებები არაბეთის გაერთიანებული საამიროების ალ ვასლიდან და თურქული ფენერბაჰჩედან მიიღო: "მინდა რაღაც საინტერესო ვცადო, რადგან სიმართლე გითხრათ, MMA ჩემთვის უკვე მოსაწყენია. რეალური კონკურენცია მინდა", - დასძინა ხაბიბმა.

ხაბიბი MMA-დან დაუმარცხებელი წავიდა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოლოს 24 ოქტომბერს იბრძოლა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯი დაამარცხა, რის შედეგადაც პირდაპირ ოქტაგონზე განაცხადა MMA-დან წასვლის შესახებ. მან კარიერაში 29 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები