Thumbnail

დელ პიეროს ახალი თავგადასავალი - ალესანდრო ESPN-ის ანალიტიკოსი გახდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალესანდრო დელ პიეროს ახალი სამსახური აქვს
  • 46 წლის იტალიელი ამერიკაში უკვე წლებია ცხოვრობს

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ამერიკული ქსელის, ESPN-ის საფეხბურთო ანალიტიკოსი იქნება. ცნობილმა კომპანიამ ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა - დელ პიერო სტუდიაში ყოველდღიურად იმუშავებს.

"მოხარული ვარ, რომ ESPN-ის წევრი გავხდი. ვხედავ თუ რამდენად გაიზარდა აშშ-ში ფეხბურთის გულშემატკივართა ბაზა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამერიკაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მოუთმენლად ველი ამ სფეროში ჩემი გამოცდილების შეტანას", - თქვა ალესანდრომ.

აღსანიშნავია, რომ დელ პიერო იგივე პოზიციაზე იტალიურ Sky Sport-ზეც მუშაობს, ოღონდ ლოს ანჯელესიდან ჩართვების სახით. ESPN-ში დელ პიეროს დებიუტი 6 მარტს, მისი ყოფილი კლუბის, იუვენტუსისა და ლაციოს მატჩში შედგება. ESPN-ში ფეხბურთის ამერიკელი ლეგენდების გარდა, ისეთი ვეტერანი ფეხბურთელებიც მუშაობენ, როგორებიც იურგენ კლინსმანი და ფრანკ ლებეფი არიან.

ალესანდრო დელ პიერომ თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა იუვენტუსში გაატარა (1993-2012), კარიერის მიწურულს კი ავსტრალიასა და ინდოეთში ითამაშა. დელ პიერო კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა და ოჯახთან ერთად ლოს ანჯელესში ცხოვრობს.

კომენტარები

ბოლო ამბები