Thumbnail
  • 📅 6 მარტი | ⌚ 19:00 | 🏉 პორტუგალია V საქართველო | 📺 TV იმედი
  • 'ბორჯღალოსნებმა' 'ლობუშს' ბოლო 14-დან 12 მატჩი მოუგეს, 2 კი ფრედ დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ლისაბონში იმყოფება, სადაც 6 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათიდან პორტუგალიასთან დაპირისპირება ელის. ეს არის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების სასტარტო ტურის შეხვედრა, მოახლოებულ შეჯიბრს კი ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგანაც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ერთადერთი გუნდია, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-2004 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საუკუნის დასაწყისში ის ბორჯღალოსნებისთვის უხერხული მეტოქე იყო, თუმცა 2006 წლიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. “ლობუშთან“ პირველად 1997 წელს ლისაბონში ფირა-აერის თასზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატის წინამორბედი) ვითამაშეთ და მეტოქემ 21:17 იმარჯვა, რასაც ქართველთა სამმატჩიანი მოგებების სერია მოყვა, 2003-2005 წლებში კი, მიჯრით სამი გამარჯვება უკვე პორტუგალიამ იზეიმა. რევანში 2006 წელს შედგა და საქართველომ მეტოქე დღემდე ყველაზე დიდი სხვაობით – 40:0 დაამარცხა.

მას შემდეგ 14 დაპირისპირებიდან 12 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ორ შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა. 2010 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებს მიჯრით 8 გამარჯვება აქვთ, სულ კი მეტოქე 15-ჯერ ყავთ დამარცხებული, ორჯერ ფრე დაფიქსირდა და ოთხჯერ მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 16 წლის წინ (2005 წელს). აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ლისაბონში მუდამ დიდი მონდომებით იბრძვის და ოთხიდან სამი გამარჯვება სწორედ საკუთარ დედაქალაქში მოიპოვა. ლისაბონში “ლობუშს” 11-ჯერ ვეთამაშეთ და 7 მოგებიდან, მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა 7 ქულაზე მეტი სხვაობა. 2016 წელს მეტოქეს მის დედაქალაქში ბოლოჯერ ვეთამაშეთ და 29:3 ვძლიეთ. იმ წელს პორტუგალია რაგბი ევროპის “ალაფაზე“ დაქვეითდა და უმაღლეს დონეზე მხოლოდ შარშან აღზევდა. ერთი წლის წინ მათ პარიზში გვიმასპინძლეს, “ბორჯღალოსნებმა” 7 ლელო დადეს და 39:24 იმარჯვეს. 21 მატჩში საქართველომ პორტუგალიას ჯამში 62 ლელო და 508 ქულა გაუტანა. “ლობუშის” ანგარიშზე 19 ლელო და 292 ქულაა.

საქართველომ და პორტუგალიამ ბოლოს გასულ წელს პარიზში ითამაშეს

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცის ლევან მაისაშვილის მიერ მომავალი მატჩისთვის დასახელებულ შემადგენლობაში ერთბაშად 3 დებიუტანტია. რუსეთთან ერთი თვის წინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, სრულადაა შეცვლილი შერკინების პირველი ხაზი. კვაჭის პოზიციაზე თამაშს გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე იწყებს, რომელსაც მხარს ახალგაზრდა ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე გაუმაგრებენ. მათ სასტარტოში ბოლოს 22 თებერვალს, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშეს. გოგიჩაშვილს ძირითად შემადგენლობაში მეექვსედ, ხოლო მელიქიძე მეოთხედ ვიხილავთ. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. ამ წყვილმა ერთად “შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი თხილაიშვილი, მეორე ფლანკერი უკვე ტრადიციულად ბექა საღინაძე იქნება, ხოლო შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონიაა.

9 ნომრად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც ძირითადში ბოლოს ნოემბერში ინგლისთან მატჩში იყო. მას მგეზავი ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელმაც ამ პოზიციაზე ბოლოს შარშან, სწორედ პორტუგალიასთან ითამაშა, “შემოდგომის ერთა თასზე“ კი ფულბექად ირჯებოდა. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც ცოტა ხნის წინ გლოსთერს შეუერთდა და ინგლისის პრემიერშიფში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრო. ფრთებზე სანდრო თოდუასა და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბექი სოსო მათიაშვილი იქნება. სამი დებიუტანტია მარქაფაში – რასინგ 92-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, ბრივის მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ მიხეილ ალანიას, რომელიც მეორე კეპს მოიხვეჭს. ხაზის მარქაფაშია ახალგაზრდა დემე თაფლაძეც. გუნდს მეორე ტაიმში გააძლიერებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ბექა გიგაშვილი, ასევე მეორეხაზელი დავით გიგაური.

ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელა

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “განწყობის თვალსაზრისით, ამ და შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს შორის არანაირი სხვაობა არაა. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, გავზარდოთ კონკურენცია და ასე ვთქვათ, დავაგრძელოთ სკამი, თუმცა, ამავდროულად, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია. გუნდში სამი დებიუტანტი გვყავს, რომლებიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ვცდილობთ გამოვცადოთ ახალი მოთამაშეები და ამავდროულად, არ დავარღვიოთ ბალანსი. პრობლემა გვაქვს მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. მიხეილ ნარიაშვილს მუხლი აწუხებს და ბექა გიგაშვილს პოზიცია შევუცვალეთ, რაც მისთვის უცხო არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა სიძლიერე შეგვმატონ და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა გვაქვს”.

პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პატრის ლაჟისკემ მომავალი თამაშისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 29 მორაგბე დაასახელა, რომელთაგან 10 საფრანგეთში თამაშობს. საინტერესოა, რომ ეროვნულ გუნდს თითქმის 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა 9 ნომერი სამუელ მარკეში. TOP 14-ის ბინადარ პოს წევრმა ნაკრებში ბოლოს 2013 წლის მარტში ითამაშა. “ლობუშს” ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან დევიდ უოლისი და მანუელ კარდოსო პინტუ, ტიბო ფრეიტასი კი დისკვალიფიცირებულია. ამ ფონზე ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ტიბო ნარდი და ლუიჟი დიაში, რომლებიც შესაბამისად, ფრანგულ ბლანიაკსა და დაქსში თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 10 გათამაშებიდან 9 აქვს მოგებული, ლაჟისკე მომავალ მატჩს იმედიანად უყურებს.

პატრის ლაჟისკეს თქმით, პორტუგალიას საქართველოსთან მოდუნების საშუალება არ ექნება

პატრის ლაჟისკე (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი): “ჩვენ 40-45 მორაგბე გვყავს, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ და შეუძლებელია, ეს არ გვახარებდეს. რამდენიმე მოთამაშეს დებიუტის შანსი ექნება და არც სხვებზე დაკვირვება გვავიწყდება. თებერვალში ესპანეთთან გამართული მატჩი ჩვენთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. პორტუგალიის ნაკრების უპირატესობა სისწრაფე და მობილურობაა, მადრიდში კი ორივე გვაკლდა. ის, რომ ახალ გათამაშებას საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ, ერთის მხრივ კარგიცაა. ისინი ტურნირის თითქმის მუდმივი გამარჯვებულები არიან და ახლაც ფავორიტები იქნებიან, ეს კი, მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ”.

ვთქვათ ისიც, რომ პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ლისაბონში მთავარი არბიტრი ჯანლუკა ნიეკი იქნება, რომელსაც კიდეებიდან ფედერიკო ვედოველი და ფილიპო ბერტელი დაეხმარებიან, ვიდეო რეფერი კი სტეფანო როშინია. 6 მარტსვე 16:00 საათიდან სოჭში რუსეთი რუმინეთს მასპინძლობს და მოედნის მსაჯი ქართველი შოთა თევზაძეა, რომლის ერთ-ერთი ასისტენტი საბა აბულაშვილი იქნება, ვიდეო-რეფერი კი ასევე ქართველი თორნიკე გვირჯიშვილია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები მარტში რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 4 მატჩს ჩაატარებენ და მათგან სამი სტუმრად უწევთ: პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ, 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთანა და 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთთან. 27 ან 28 მარტს საქართველოს ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

პორტუგალია – საქართველო

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა); 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

პორტუგალია: 15 დანი ანტუნეში, 14. რაფაელე სტორტი, 13. ჟოზე ლიმა, 12. ტომაშ ეპლთონი (კაპ.), 11. როდრიგუ მარტა, 10. ჟერონიმუ პურტელა, 9. სამუელ მარკეში; 1. ჟოფრეი მოიზე, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგუ ასე-ფერეირა, 4. რაფაელ სიმოეში, 5. ჟოზე რებელუ დე’ანდრადე, 6. ჟოაუ გრანატე, 7. ჟოზე მადეირა, 8. ლუიჟი დიაში.
სათადარიგოები: 16. დავიდ კუშტა, 17. ნუნო მასკარენიაში, 18. ტიბო დე’სოუზა, 19. ფრანსიშკუ სოუზა, 20. ერიკ მადეირა, 21. ტეო ენტრაიგეში, 22. ჟორჟე აბეკაზიში, 23. ნუნო სოუზა-გედეში.

კომენტარები

ბოლო ამბები