Thumbnail

თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და საყვედურიც გამოუცხადეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დიდი შანსია, ქეცბაია ანორთოსისში დარჩეს
  • 52 წლის სპეციალისტს ფედერაციამ საყვედური გამოუცხადა

ფამაგუსტას ანორთოსისის ხელმძღვანელობამ თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. Goal.com.cy-ს ცნობით, ქართველმა სპეციალისტმა შეთავაზება მიიღო, თანაც გაუმჯობესებული პირობებით, ვიდრე მოქმედი ხელშეკრულებით აქვს.

ჯერჯერობით, გამოცემა არც ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე და არც ფინანსურ დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. თემურს კლუბთან ხელშეკრულება მაისში ეწურება და ბუნებრივია, მისი განახლება მანამდე უნდა გაოფიციალურდეს.

ამადროულად, კლუბის ხელმძღვანელობა მნიშვნელობას სპორტულ შედეგებსაც ანიჭებს და მათ ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონობას 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხებს. ფამაგუსტელებს 6 მარტს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ნიქოზიის ომონიას ხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ანორთოსისს ომონიასთან შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე, 4 წაგება) და თავის მხრივ, ქეცბაიასაც ნიქოზიელთა მთავარ მწვრთნელ, წარსულში ცნობილ ნორვეგიელ ფეხბურთელ ჰენინგ ბერგის წინააღმდეგ არასდროს მოუგია - 2 ფრე, 2 წაგება.

ქეცბაიას მიმდინარე სეზონში ჯარიმები მრავლად დაუგროვდა

გარდა ამისა, ქართველ სპეციალისტს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ საყვედური გამოუცხადა. როგორც Kerkida იტყობინება, ლიმასოლის აპოლონთან მატჩში თემურმა მსაჯის მიმართ არასპორტული საქციელი გამოავლინა და საყვედურით დაისაჯა. ქეცბაიას თანაშემწე სოსო ჭედია კი დააჯარიმეს სპეციალური სამკერდე ნიშნის გამოუყენებლობის გამო. დაჯარიმდა ანორთოსისიც, რადგან მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ათამაშეს, რომელიც 18-წლამდე ასაკის იყო, რითაც სეზონის წინ დაწესებული დებულება დაირღვა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისი საჩემპიონო ზონაში აგრძელებს ასპარეზობას და წინა ტურში შინ ლიმასოლის აპოლონთან 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით ქულა მოიპოვა (2:2).

📺 ოქრიაშვილის და ქვილითაიას გოლები აპოლონთან

კომენტარები

ბოლო ამბები