Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კიდევ ერთი ვერსიით გახდა - Чемпионат-ის მკითხველების ვერსიით. მან ხმების 34% მიიღო და თანაგუნდელ ჯორჯე დესპოტოვიჩს გაუსწრო - 23%. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას საგოლე პასებით (ზოგი წყარო მას მხოლოდ ერთ ასისტს უთვლის) დესპოტოვიჩმა მოსკოვის სპარტაკთან დუბლი შეასრულა - რუბინმა 2:0 მოიგო. 

სპარტაკთან მატჩის მერე, რომელიც ხვიჩას სრული ტრიუმფით აღინიშნა, რუსულმა მედიამ გაიხსენა, რომ ადრე ქართველ შემტევს მოსკოვურ კლუბს სთავაზობდნენ, მაგრამ სპარტაკმა უარი თქვა მის შეძენაზე. ამ ინფორმაციას, მოსკოვის სპარტაკის სპორტული დირექტორი დმიტრი პოპოვი გამოეხმაურა, რომელმაც ეს ფაქტი დაადასტურა. "ნორმანის სანაცვლოდ როსტოვი 18 მილიონ ევროს ითხოვდა, ეს არარეალური თანხაა. რაც შეეხება ხვიჩას, მის სანაცვლოდ საერთოდ 20 მილიონზე მეტს ითხოვდნენ". 

8 მარტს რუბინი მორიგი ტურის მატჩს შინ ზენიტთან გამართავს. მატჩის წინ კვარაცხელიაზე ზენიტის ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიროკოვმა ილაპარაკა: "არის თუ არა ხვიჩა ზენიტის დონე? გუნდს ასეთი მოთამაშე აკლია. საინტერესო იქნებოდა, როგორ ითამაშებდა ის ზენიტში, სადაც ყველაფერი სხვანაირადაა, ვიდრე რუბინში. მაგრამ რუსეთში მას 15 მილიონად არავინ გაყიდის, მინიმუმ - 20 მილიონად. თუმცა შემდეგ მისი გაყიდვა უფრო მეტადაც შეიძლება". 

📺 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები სპარტაკთან

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 7 ასისტი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით). ხვიჩა 5-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც რუსეთის პრემიერ-ლიგის ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ "ტრანსფერმარტკი" 20 წლის ქართველს 10 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე ძვირია.  

კომენტარები

ბოლო ამბები