Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორ წლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთბაშად 3 დებიუტანტია.

Rugby Europe 2021 #RWC2023 #qualifier 🏆 #ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიის წინააღმდეგ დასახელდა! 🏉 ➡️ გაიგე მეტი...

Posted by Georgian Rugby on Thursday, March 4, 2021


შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” პორტუგალიას 6 მარტს ლისაბონში ეთამაშებიან, ქართველი მორაგბეების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კი ამბობს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ახალი მორაგბეების გამოცდასთან ერთად, სასურველი შედეგიც მივიღოთ:

“განწყობის თვალსაზრისით, ამ და შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს შორის არანაირი სხვაობა არაა. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, გავზარდოთ კონკურენცია და ასე ვთქვათ, დავაგრძელოთ სკამი, თუმცა, ამავდროულად, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია“.

რუსეთთან ერთი თვის წინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, სრულადაა შეცვლილი შერკინების პირველი ხაზი. კვაჭის პოზიციაზე თამაშს გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე იწყებს, რომელსაც მხარს ახალგაზრდა ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე გაუმაგრებენ. მათ სასტარტოში ბოლოს 22 თებერვალს, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშეს. გოგიჩაშვილს ძირითად შემადგენლობაში მეექვსედ, ხოლო მელიქიძე მეოთხედ ვიხილავთ.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. ამ წყვილმა ერთად “შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი თხილაიშვილი, მეორე ფლანკერი უკვე ტრადიციულად ბექა საღინაძე იქნება, ხოლო შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონიაა.

'ბორჯღალოსნების' კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

9 ნომრად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც ძირითადში ბოლოს ნოემბერში ინგლისთან მატჩში იყო. მას მგეზავი ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელმაც ამ პოზიციაზე ბოლოს შარშან, სწორედ პორტუგალიასთან ითამაშა, “შემოდგომის ერთა თასზე“ კი ფულბექად ირჯებოდა. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც ცოტა ხნის წინ გლოსთერს შეუერთდა და ინგლისის პრემიერშიფში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრო. ფრთებზე სანდრო თოდუასა და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბექი სოსო მათიაშვილი იქნება.

სამი დებიუტანტია მარქაფაში – რასინგ 92-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, ბრივის მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ მიხეილ ალანიას, რომელიც მეორე კეპს მოიხვეჭს. ხაზის მარქაფაშია ახალგაზრდა დემე თაფლაძეც. გუნდს მეორე ტაიმში გააძლიერებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ბექა გიგაშვილი, ასევე მეორეხაზელი დავით გიგაური. შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:

“გუნდში სამი დებიუტანტი გვყავს, რომლებიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ვცდილობთ გამოვცადოთ ახალი მოთამაშეები და ამავდროულად, არ დავარღვიოთ ბალანსი. ძირითად შემადგენლობაში არიან გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე. გოგიჩაშვილი რუსეთთან თამაშისთვის კლუბმა არ გამოუშვა და ახლა ჩვენთანაა, მელიქიძემ კი ყველა თამაშში დაამტკიცა, რომ დასაყრდენი ძალაა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა. პრობლემა გვაქვს მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. მიხეილ ნარიაშვილს მუხლი აწუხებს და ბექა გიგაშვილს პოზიცია შევუცვალეთ, რაც მისთვის უცხო არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა სიძლიერე შეგვმატონ და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა გვაქვს. დიდი ხანია მგეზავად არ გვინახავს ლაშა ხმალაძე, 9 ნომრად კი შანსს გელა აფრასიძე მიიღებს, რომელსაც ძირითადად შეცვლაზე უწევს ხოლმე შესვლა. ეს ტაქტიკური ცვლილებაა და გარდა ამისა, ამ ბიჭებმა, ასევე მიხეილ ალანიამ, რომელიც მარქაფაშია, შანსი დაიმსახურეს. ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება სანდრო თოდუა, რომელმაც რეაბილიტაცია გაიარა. ასევე დაგვიბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც მერაბ შარიქაძესთან კარგადაა შეთამაშებული და დარწმუნებული ვარ, დიდ ენერგიას შეგვმატებს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები მარტში რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 4 მატჩს ჩაატარებენ და მათგან სამი სტუმრად უწევთ: 6 მარტს, საქართველოს დროით 19:00 საათზე პორტუგალიასთან ლისაბონში, 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთანა და 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთთან. 27 ან 28 მარტს საქართველოს ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

საქართველო პორტუგალიასთან

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა).
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები