Thumbnail

იუვეს ყოფილი ვარსკვლავი პოლიტიკაში - კლაუდიო მარკიზიოს ტურინის მერობა სურს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კლაუდიო მარკიზიომ, შესაძლოა, პოლიტიკაში გადაინაცვლოს
  • 35 წლის იტალიელმა კარიერა 2 წლის წინ დაასრულა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო, შესაძლოა, სულ მალე ახალ ამპლუაში მოგვევლინოს და ქალაქ ტურინის მერი გახდეს.

La Stampa-ს ცნობით, დემოკრატიული პარტიისა და მისი მდივნის, ნიკოლა ძინგარეტის განზრახვაა, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში მარკიზიოს კანდიდატურა წარადგინონ. რაც მთავარია, იუვეს ყოფილი ნახევარმცველიც სერიოზულად განიხილავს ამ წინადადებას და დიდი შანსია, რომ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდეს. ტურინის მერი ამჟამად კიარა აპენდინო გახლავთ და პარტიაში სჯერათ, რომ კლაუდიო მისი ღირსეული მემკვიდრე იქნება.

კლაუდიო მარკიზიო იუვენტუსის დიდი გულშემატკივარია

კლაუდიო მარკიზიო ტურინელია და ახლაც პიემონტის დედაქალაქში ცხოვრობს. მან საფეხბურთო კარიერა საკმაოდ ნაადრევად, 33 წლის ასაკში, 2019 წელს დაასრულა, რისი მიზეზიც ტრავმიანობა იყო. ბოლო პერიოდში იტალიელი ტელეკომპანია Rai-ზე იტალიის ნაკრების მატჩების მიმომხილველად მუშაობს.

მარკიზიომ საფეხბურთო კარიერა იუვენტუსში დაიწყო, რომლის მთავარ გუნდში 389 მატჩში 37 გოლი გაიტანა. თითო სეზონი მას ემპოლისა და რუსულ ზენიტში აქვს გატარებული, სადაც კარიერა დაასრულა კიდეც. იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით კლაუდიომ 2009-2017 წლებში 55 თამაშში 5 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები