Thumbnail

სალონიკის პაოკ-ის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ საბერძნეთის თასზე ლამიასთან (1:1) გატანილი გოლის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედი აქვს და ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ზარს ელოდება.

"თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ თამაშით და მომდევნო ეტაპზე გასვლით, რადგან ეს მთავარია. დიახ, რა თქმა უნდა, ველოდები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას და იმედი მაქვს, დამირეკავენ. მინდა, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ "ტუმბას" სტადიონზე ვითამაშო", - თქვა ნიკამ.

📺 ნინუას გოლი ლამიასთან

შეგახსენებთ, რომ ნიკა ნინუა პაოკ-ს გასულ ზაფხულს დინამო თბილისიდან შეუერთდა. 21 წლის ნახევარმცველს ჯერჯერობით ბერძნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება უჭირს, მაგრამ 10 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. პაოკ-ი საბერძნეთის სუპერლიგაში 46 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა ჩემპიონობის შანსი თითქმის არ აქვს, რადგან პირეოსის ოლიმპიაკოსს 15 ქულით ჩამორჩება.

საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი კი 31 მარტს სალონიკიში გაიმართება, "არენა ტუმბაზე", რომელიც პაოკ-ის საშინაო სტადიონია. ნინუას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები