Thumbnail
  • თუ ოთხეულში ვერ მოხვდა, დორტმუნდმა შეიძლება ჰაალანდი დაკარგოს
  • ნორვეგიელზე ყველა გრანდი ოცნებობს, მაგრამ ფავორიტი ორი კლუბია

ბუნდესლიგის 23 ტურის შემდეგ დორტმუნდის ბორუსია მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. იმისათვის, რომ BVB-მ ერლინგ ჰაალანდი შეინარჩუნოს, გუნდისთის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გადამწყვეტი ფაქტორია. ჟურნალმა SPORT BILD-მა ნორვეგიელის პერსპექტივებს სტატია მიუძღვნა.

► ჰაალანდს დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

► ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნორვეგიელს ბორუსიას დატოვება 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, მაგრამ არა 2021, არამედ 2022 წელს.

► ზოგადად, ჰაალანდის ფასი ახლა 110 მილიონი ევროა.

► ნორვეგიელს ბუნდესლიგის 33 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.

SPORT BILD-ის მთავარი თემა დღეს ჰაალანდია

დორტმუნდელები ამ ზაფხულში მის გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა თუ ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავლენ, ჰაალანდის შენარჩუნება გაუჭირდებათ, რადგან თვითონ ფეხბურთელმაც არაერთხელ თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაში მისი მთავარი პირობაა. სამომავლოდ, ჰაალანდს მხოლოდ ტოპ-გრანდში სურს გადასვლა - მაგალითად, რეალ მადრიდში, ბარსელონაში ან იუვენტუსში. ინგლისის პრემიერლიგიდან მასზე ლივერპული და მანჩესტერული გრანდები, იუნაიტედი და სიტი ფიქრობენ.

ცხადია, ტოპ-გრანდია მიუნხენის ბაიერნიც, მაგრამ რეკორდმაისტერში ჰაალანდის ტრანსფერზე ჯერ არ მუშაობენ, რადგან კარგად ესმით, რომ ნორვეგიელი რობერტ ლევანდოვსკის (32 წლის, კონტრაქტი 2023 წლამდე) შემცვლელის სტატუსს არ დათანხმდება, ორივე ერთად კი ჰანსი ფლიკის გუნდში ვერ ითამაშებს.

SPORT BILD წერს, რომ ჰაალანდის მიზანი დორტმუნდის შემდეგ პირდაპირ ტოპ-გრანდში გადასვლაა და პირველ რიგში რეალის ვარიანტს განიხილავს. მადრიდელები ვალდებულები არიან, რომ ქარიმ ბენზემას შემცვლელზე დაიწყონ ფიქრი. 33 წლის ფრანგს რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ეს ზუსტად ის დროა, რომელიც ჰაალანდის კონტრაქტის პუნქტშია მითითებული.

ასევე ფავორიტია მანჩესტერ სიტიც, რომელსაც ფულიც ბევრი აქვს, ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და თანაც, სწორედ სიტიში თამაშობდა ერლინგის მამა, ალფ-ინგე ჰაალანდი (2000-2003). ამრიგად, SPORT BILD-ის დასკვნით, ჰაალანდისთვის ბრძოლაში ორი გრანდია ფავორიტი - რეალი და მანჩესტერ სიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები