Thumbnail
  • შალკეს ახალი მწვრთნელი დიმიტრიოს გრამოცისი გახდა
  • 42 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა
  • გელზენკირხენულ კლუბში მას ურთულესი მისია აქვს

გელზენკირხენის შალკეს ახალი, ამ სეზონში უკვე მე-5 მწვრთნელი ჰყავს: ბუნდესლიგის აუტსაიდერმა, რომელსაც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება, გადარჩენის ურთულესი მისია ყოფილ ფეხბურთელს, დიმიტრიოს გრამოცისს ანდო, რომელსაც ბუნდესლიგაში 143 მატჩი აქვს ჩატარებული. 42 წლის გრამოცისმა დღეს შალკე პირველად ავარჯიშა, მისი დებიუტი კი პარასკევს - ბოლოსწინა ადგილზე მყოფ მაინცთან საშინაო მატჩში შედგება. მისი ასისტენტები შალკეს ლეგენდა მაიკ ბიუსკენსი და სვენ პიპენბროკი იქნებიან.

ვუპერტალში დაბადებული გრამოცისი შალკესთვის არა დროებითი, არამედ გრძელვადიანი არჩევანია - მან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა. მართალია, შალკეში ამაზე საუბარი არ სურთ, მაგრამ კონტრაქტი, რა თქმა უნდა, მეორე ბუნდესლიგაზეც ვრცელდება. გელზენკირხენულ კლუბს გერმანიის ჩემპიონატში 23 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 ქულა აქვს, მაინცს 8 ქულით ჩამორჩება და ელიტიდან გავარდნის უმთავრესი კანდიდატია.

“დარწმუნებულები ვართ, რომ დიმიტრიოს გრამოცისის სახით სეზონის ბოლო მესამედისთვის სწორი მწვრთნელი შევარჩიეთ,” - განაცხადა შალკეს სპორტულმა დირექტორმა პეტერ კნებელმა.

“მოუთმენლად ველოდები პირველ მატჩს, ძალიან მოტივირებული ვარ. ვეცდები, ამ დღეებში გუნდზე ზუსტი წარმოდგენა შევიქმნა, მაინცთან კი, რა თქმა უნდა, 3 ქულას ვგეგმავთ,” - ეს გრამოცისის სიტყვებია.

დიმიტრიოს გრამოცისი სხვადასხვა დროს ჰამბურგში, კაიზერსლაუტერნსა და კიოლნში თამაშობდა. 2014-დან 2019 წლამდე ის ბოხუმის ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი იყო, 2019 წლის თებერვალში კი დარმშტადტის დამრიგებელი გახდა - გუნდი ჯერ გავარდნისგან იხსნა, მერე კი მე-5 ადგილზე გაიყვანა. გრამოცისი 2020 წლის ზაფხულიდან უმუშევარი იყო.

დიმიტრიოს გრამოცისი ზაფხულის მერე უმუშევარი იყო

შეგახსენებთ, რომ შალკემ სეზონი მწვრთნელ დავიდ ვაგნერთან ერთად დაიწყო, რომელიც ორი ტურის შემდეგ გაუშვეს. იგი მანუელ ბაუმმა შეცვალა, რომელიც მერე გროსმა ჩაანაცვლა და ახლა გროსიც გათავისუფლებულია! ბაუმსა და გროსს შორის ასევე იყო ჰუუბ სტევენსიც - დროებით მწვრთნელად. ეს ყველაფერი ერთ სეზონში, უფრო ზუსტად ბუნდესლიგის 22 ტურში!

კომენტარები

ბოლო ამბები