Thumbnail

უნიკალური რონალდო - 36 წლის კრიშტიანოს იუვენტუსთან კონტრაქტის გაგრძელება სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რონალდომ სერია A-ში მე-20 გოლი გაიტანა და უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა 
  • პორტუგალიელის გარემოცვა კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაელაპარაკა
  • ტურინელთა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში თავს კარგად გრძნობს და როგორც ჩანს, კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებაც სურს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის გარემოცვა ახლახან იუვენტუსის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობაზე დაელაპარაკა. 

სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში იუვეტნუსმა სპეციას ანგარიშით 3:0 მოუგო, საბოლოო ანგარიში კი კრიშტიანომ დააფიქსირა, რომელიც ისტორიული მიღწევის ავტორიც გახდა. რონალდო პირველი მოთამაშეა, რომელმაც ევროპის TOP5 ლიგაში ბოლო 12 სეზონის განმავლობაში, სულ ცოტა, 20 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ტურინში გადაბარგებამდე პორტუგალიელი სეზონში 20 და მეტ გოლს მადრიდის რეალის მაისურით ლა ლიგაში, ცხრა წლის განმავლობაში იტანდა.

რაც შეეხება კრიშტიანოს და იუვენტუსის სამომავლო თანამშრომლობას, რომელიც 2018 წლის ზზაფხულიდან დაიწყო, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. 

როგორც ირკვევა, რონალდოს გარემოცვა ტურინელებს თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით - 2023 წლამდე გახანაგრძლივებას სთავზობს, თუმცა კლუბიდან პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა. სავარაუდოდ, იუვენტუსი თავდამსხმელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წელიწადნახევრის შემდეგ, იმისდა მიხედვით მიიღებს, თუ როგორ მდგომარეობაში იქნება ის.

გამორიცხული არც ის არის, რომ იუვენტუსმა პორტუგალიელი გაყიდოს კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ტურინულ კლუბში ფინანსური ვითარება გაუარესდება. 

📺 იუვენტუსი V სპეცია

ტურინის იუვენტუსს ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა. ლიდერი მილანის ინტერია (56), ხოლო მეორე ადგილს მილანი (52) იკავებს.

კრიშტიანო რონალდომ ტურინის იუვვენტუსის ღირსება სერია A-ს 31 მატჩში დაიცვა და 20 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები