Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 97:128 დენვერ ნაგეტსი 
  • დენვერმა მილუიკის მოგებათა 5-მატჩიანი სერია დაასრულა
  • ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი სეზონში მეცხრედ მიითვალა 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. დენვერ ნაგეტსმა სტუმრად მილუოკი ბაქსი დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალა, რაშიც უდიდესი წვლილი გუნდის ცენტრს, ნიკოლა იოკიჩს მიუძღვის.

ნაგეტსის სერბმა ბიგმენმა მილუოკის არენა "ფაისერვ-ფორუმზე" სამმაგი დუბლი მიითვალა. იოკიჩმა თამაში 37 ქულით, 10 მოხსნითა და 11 პასით დაასრულა. მან მოედანზე 36,5 წუთი დაჰყო და თამაშიდან შესრულებული 23 სროლიდან 15, 3 სამქულიანიდან 2, ხოლო 5 საჯარიმოდან ყველა ჩააგდო.

ეს კალათბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მე-9, ხოლო კარიერაში 50-ე სამმაგი დუბლია. 

ნაგეტსის სერბი ცენტრი ვერც იანისმა შეაჩერა

მილუოკი თავიდანე განწირული ჩანდა. დენვერმა პირველივე მეოთხედის ბოლოსვე შეძლო ანგარიშში კომფორტული უპირატესობის მოპოვება და ის თამაშის ბოლომდე აღარც დათმო. სტუმრებს გამარჯვებაში 24 ქულით დაეხმარა ჯამალ მარეი, მასპინძელთა რიგებში კი გამორჩეული იანის ანტეტოკუნმპო იყო. მილუოკის ბერძენმა ლიდერმა 27 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 3 პასიც მიითვალა. 20 ქულა იყო კრის მიდლტონის ანგარიშზე.

დენვერთან წაგების გამო, მილუოკიმ მოგებათა 5-მატჩიანი სერია შეიწყვიტა. ბაქსს 35 მატჩში 21 მოგებით, აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მესამე ადგილი უკავია, მომდევნო თამშს კი 5 მარტს, სტუმრად მემფისთან გამართავს.

დენვერ ნაგეტსი, 35 მატჩში 20 მოგებით, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრის ჩაატარება კი 5 მარტს, სტუმრად გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები