Thumbnail

4 მარტს (03:30 თბილისის დროით) სეტონ ჰოლი რეგულარულ სეზონში ბოლო მატჩს ატარებს საკუთარ არენაზე. ეს კი ეგრეთ წოდებული სენიორების საღამოა, როდესაც ფანები იმ კალათბურთელებს ემშვდობებიან, რომლებიც კოლეჯთა ლიგაში ასპარეზობას ასრულებენ. მართალია, NCAA-მ პანდემიის გამო, გამონაკლისი დაუშვა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია სეტონ ჰოლის ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი მიდის! მას დიდი იმედი აქვს, რომ NBA-ს დრაფტზე აიყვანენ. ასე რომ, UConn-თან თამაშში ფანები სანდროს გამოემშვიდობებიან.

სეზონის ბოლო საშინაო მატჩში ფანები ამ კვარტეტს ემშვიდობებიან

სხვათა შორის, პანდემიის გამო, სეზონი უმაყურებლოდ გაიმართა, თუმცა ამ შემთხვევაში 1 700 მაყურებელი დაუშვეს. ასე რომ, გადამწყვეტ თამაშში სეტონ ჰოლს ფანების მხარდაჭერა არ მოაკლდება.

"ოთხი წლის წინ ის South Orange-ში გამოჩნდა, გრძელი გვარით და შეზღუდული ლექსიკონით. კარგად გაპარსული და თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული, გაქაჩავდა კი კოლეჯთა ლიგას? 4 წლის მერე ის მიდის ყველასთვის კარგად დასამახსოვრებელი მეტსახელით, წვეროსანი, ინგლისურად ბრწყინვალედ მოსაუბრე და საკუთარ თავში დარწმუნებული. მან კარგად იცის, ვინ არის და რა შეუძლია", - წერს app.com.

სანდრო მამუკელაშვილი Prudential Center-ში უკანასკნელ მატჩს ითამაშებს კოლეჯთა ლიგის კალათბურთელის რანგში. 

სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი): "გული და სული ჩავაქსოვე ამ გუნდში, ჩემს განვითარებაში, კევინ უილიარდის რჩევების მოსმენაში და შესრულებაში. როცა აქ მოვდიოდი, ჩემი ოცნება იყო, კონფერენციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გავმხდრიყავი. ვუყურებდი ტოპებს და ვამბობდი ჩემთვის, რომ ერთ დღესაც ყველა ჩემზე ილაპარაკებდა. ვიქნებოდი ის კალათბურთელი, რომელიც სკაუტების სიაში მუდამ იქნებოდა.
ფანების დაფასება ჩემთვის ყველაფერია. მახსოვს, როგორ წავიდა მაილს პაუელი, ანხელ დელგადო. დარბაზში უამრავი ადამიანი იყო, ეს იყო საოცარი წუთები. საოცარია, რომ ფანები დაუშვეს და მეც მომიწევს ეს ჯადოქრული წუთები. თანაც, მატჩზე ჩემი ოჯახის წევრებიც იქნებიან". 

ფანები მაილს კეილს, შავარ რეინოლდს და ბრაის აიკენსაც დაემშვიდობებიან, თუმცა ეს ტრიო ალბათ, გამოიყენებს ნებართვას და კიდევ 1 წლით დარჩება კოლეჯთა ლიგაში. "მათთვის კიდევ ერთი სეზონი რჩება, მაგრამ სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს უკანასკნელი ემოცია იქნება ამ არენაზე, რადგან ის მიდის. სანდროს დიდი შანსი აქვს, რომ დრაფტზე აირჩევენ, მას ბრწყინვალე პროფესიული კარიერა ელის", წერს app.com.

წაიკითხე | ‘ნაკრებში აუცილებლად ჩამოვალ’ - ინტერვიუ სანდრო მამუკელაშვილთან

მაილს კეილი (სეტონ ჰოლი): "ის ჩემი მეგობარია, ძმასავითაა. მასზე განუწყვეტლივ შემიძლია საუბარი. ის პატარა ქვეყნიდან მოვიდა ნიუ ჯერსიში, მე პატარა შტატიდან (დელავერი). ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ძმა შევიძინე ცხოვრებაში". 

ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის. თუ UConn-ს დაამარცხებს და შემდეგ სეტნ ჯონსთან სტუმრად გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით, სანდრო მამუკელაშვილი და მისი გუნდი "მარტის სიგიჟეში" მიიღებენ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის ყველაფერი "მედისონ სკვერ გარდენში" დასრულდება, სადაც ბიგ ისთის კონფერენციის ჩემპიონშიპი გაიმართება. 

სანდრო მამუკელაშვილი: "როცა კრეიტონს და ბატლერს ვეთამაშებოდით და მათ დარბაზში ფანებს ვხედავდით, ვხვდებოდი, რა დიდი სხვაობაა მათ წინაშე თამაში. იმედი მაქვს, ის 1 700 ადამიანი ისე დაგვიჭერს მხარს, როგორც 17 ათასი". 

კომენტარები

ბოლო ამბები