Thumbnail
  • ერთ დროს NBA-ს საუკეთესო მცველი კარიერას ამთავრებს
  • ჯოაკიმ ნოამ დიდი კალათბურთი 13 წელი ითამაშა

ჯოაკიმ ნოა, რომელსაც NBA-ს საუკეთესო მცველის სტატუსი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე ჩატარებული 13 სეზონის შემდეგ აქტიურ სპორტულ კარიერას ამთავრებს.

“ეს დაუჯერებელი მოგზაურობა იყო. მადლობა ყველას, ვინც ამ დროს ჩემს მიმართ სიყვარული გამოიჩინა,” - დაწერა წლების მანძილზე ჩიკაგო ბულსის სამაგალითო ცენტრმა ინსტაგრამზე. პოსტთან ერთად, ჩოგბურთის ფრანგი ვარსკვლავის, იანიკ ნოას შვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მას NBA-ს საუკეთესო მცველის ტროფეი აქვს - ეს წოდება მან 2013/2014 წლების სეზონის შემდეგ მიიღო.

ოლსტარის ორგზის მონაწილეს NBA-ში ტიტული არ მოუგია. დღეს უკვე 36 წლის ნოა ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს 2011 წელს იყო, როცა მისი ჩიკაგო პლეი ოფის ნახევარფინალში დამარცხდა.

ნოამ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ჩიკაგოში გაატარა, სადაც 2007-დან 2016 წლამდე თამაშობდა. ბულსის შემდეგ მან ნიუ იორკ ნიქსში, მემფის გრიზლისა და ლოს ანჯელეს კლიპერსში ითამაშა.

ჯოაკიმ ნოა კევინ გარნეტის წინააღმდეგ

NBA-ს 2007 წლის დრაფტის მეცხრე პიკმა ბოლოს 2020 წლის აგვისტოში ითამაშა. The Athletic-ის ინფორმაციით, ნოა ჩიკაგოსთან სიმბოლურ კონტრაქტს გააფორმებს, რათა კალათბურთის დიდი სცენიდან ჩიკაგოელის რანგში წავიდეს.

ჯოაკიმ ნოა თავის კარიერაში საშუალოდ თამაშში 8,8 ქულას, 9 მოხსნას და 1,3 დაფარებაც აგროვებდა. 672 თამაშში მას სროლების 49,1 პროცენტი აქვს ჩაგდებული. ინდივიდუალურად საუკეთესო სეზონი 2013/2014 წლებში ჰქონდა, როცა ჩიკაგოში თამაშისას საშუალოდ 12,6 ქულას, 11,3 მოხსნას, 5,4 პასს და 1,5 დაფარებას აგროვებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები