Thumbnail

NJ.com ვარაუდობს, რომ NCAA-ის BIG EAST კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზს სეტონ ჰოლის ქართველი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი მოიგებს.

" UConn-ის თავკაც დენ ჰარლის თავისი კანდიდატი ჰყავს. მას მიაჩნია, რომ BIG EAST კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ბუკნაითი გახდება, თუმცა ოთხშაბათს მისი გუნდი სეტონ ჰოლს ხვდება და წინასამატჩოდ დენს "წამოცდა" - "სეტონ ჰოლს წლის საუკეთესო მოთამაშე ჰყავს". 

წლის საუკეთესო მოთამაშე 10 მარტს დასახელდება "მედისონ სკვერ გარდენში", მას მერე, რაც კონფერენციის ჩემპიონშიპი დაიწყება, მაგრამ NJ.com-მა მოვლენებს დაასწრო და ყველა შესაძლო პრიზის მფლობელი (გამოცემის ვერსიით) ჩამოწერა. 

"ბუკნაითი, ალბათ, მართლაც მოიგებდა ამ ტიტულს, რომ არა ტრავმები, მან 18-დან მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბუკნაითი საშუალოდ 20.5 ქულას და 5.8 მოხსნას აკეთებდა. დეკემბერში მან კრეიტონს 40 ქულა ჩაუგდო, მაგრამ მისმა გუნდმა წააგო. მის გარდა კანდიდატები არიან: კოლინ გილესპი (ვილანოვა), ჯერემაია რობინსონ-ერლი (ვილანოვა) და მარკუს ზეგაროვსკი (კრეიტონი). ეს პრიზი ხშირად კონფერენციის საუკეთესო გუნდის საუკეთესო მოთამაშეს ხვდება წილად, მაგრამ ამ სეზონში არც ერთი მათგანი არ იყო ასე მკვეთრად გამორჩეული. ზეგაროვსკი - 14.9 ქულა და 4.6 პასი, რობინსონ-ერლი 15.5 ქულა და 7.9 მოხსნა, ხოლო გილესპი - 14.4 ქულა და 4.7 პასი. 

ამ დროს "მამუ" მეორეა კონფერენციაში ქულებით - 17.8, მერვე მოხსნებით - 7.1 და მე-14 პასებით - 3.1. 

"მისი აღნაგობა, ოსტატობა და საკალათბურთო IQ ისეთ კომბინაციას ქმნის, რომ "მამუს" დაჭერა ნებისმიერ გუნდს უჭირს. ჩვენ მას აბსოლუტურ კოშმარს ვუწოდებთ მეტოქეებისთვის. მის წინააღმდეგ მზადებაც კი ძნელია", - ეს კონფერენციის ერთ-ერთი მწვრთნელის ასისტენტის სიტყვებია. ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ ვინ, რამდენჯერ გახდა კვირის მოთამაშე - მამუკელაშვილი 2-ჯერ გახდა და მას მხოლოდ დევიდ დიუკი (პროვიდენსი) ეჯიბრება ამ მაჩვენებლით. თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდა და მამუკელაშვილი კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე გახდა, სეტონ ჰოლი შარშანდელ წარმატებას გაიმეორებს (მაილს პაუელი). 

ბუნებრივია, გამოცემა სანდროს ALL-BIG EAST პირველ ხუთეულშიც მოიაზრებს: ჯეიმს ბუკნაითი, ჯულიან ჩემპეინი, კოლინ გილესპი, სანდრო მამუკელაშვილი, ჯერემაია რობინსონ-ერლი, მარკუს ზეგაროვსკი.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი კიდევ ორი, უფრო მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ტიტულისთვის იბრძვის - ის NCAA-ის წლის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ნეისმიტის ტროფეისთვის ბრძოლაში 30 კანდიდატშია, ხოლო საუკეთესო მძიმე ფორვარდის ტიტულისთვის ბრძოლაში, ანუ კარლ მელონის პრიზისთვის, ფინალურ ხუთეულშია გასული. 

კომენტარები

ბოლო ამბები