Thumbnail
  • ანორთოსისი 2:2 აპოლონი
  • თემურ ქეცბაიას გუნდი წაგებას ქართველებმა გადაარჩინეს

კვიპროსსი ჩემპიონატის 27-ე ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა ლიმასოლინის აპოლონს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, ქულის მოპოვება მაინც შეძლო. შეხვედრა 2:2 დასრულდა და თემურ ქეცბაიას გუნდში ორივე გოლი ქართველებმა გაიტანეს - თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ.

ნიკოლა დიგუნის დუბლით აპოლონი მე-60 წუთზე უკვე 2:0 დაწინაურდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 23-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. ფამაგუსტელებმა ქულის გადარჩენა შეძლეს. 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გაკეთებულ პასს თორნიკე ოქრიაშვილი გამოეხმაურა და ანგარიშის სხვაობა შეამცირა, ხოლო 79-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:2. ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ქვილითაიას ანგარიშზე 22 თამაშში 13 გოლია.

"საბოლოოდ ფრით კმაყოფილები ვართ. 0:2-ს ვაგებდით და პოზიტივია, რომ გათანაბრება მოვახერხეთ. ადვილი არ იყო 0:2-დან დაბრუნება, მაგრამ ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი გახლდათ. საბოლოო შედეგით კმაყოფილები ვართ", - თქვა ქვილითაიამ.

ფამაგუსტელთა რიგებში ორივემ 90 წუთი ითამაშა, ისევე, როგორც გიორგი ლორიამ, ხოლო ბუბა დაუშვილი ქეცბაიამ 63-ე წუთზე შეცვალა. აპოლონის შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო.

კვიპროსის ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება და ორ ზონად დაიყო - ანორთოსისი საჩემპიონო ჯგუფშია, 52 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ომონიას 7 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 6 მარტს, სწორედ ნიქოზიელებს ესტუმრება, ხოლო აპოლონი 55 ქულით მე-3 პოზიციაზეა და 8 მარტს აელ-ს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები