Thumbnail
  • 10 დიდი ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში საქმე კარგად არ წაუვიდა
  • კანტონა, კიგანი და სხვები ფეხბურთიდან სანაკრებო დიდების გარეშე წავიდნენ

პაოლო როსი, ბობი მური, რობ რენსენბრინკი - ეს სახელები და კიდევ უამრავი სხვა, მაგალითად, საიდ ალ-ოვაირანი არავის ემახსოვრებოდა, რომ არა სანაკრებო ფეხბურთი. თუმცა, საკუთარი ქვეყნის მაისურის მორგება ბევრი დიდი ფეხბურთელისთვის წარუმატებლად დასრულდა, ზოგს კი საერთოდ გამოძახებაც კი არ აღირსეს, ამ სიაში ასეთებსაც შეხვდებით.

ინგლისელების სიჭარბეს ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ. ისედაც, ამ ათეულის შევსება მარტო ამ ქვეყნის ფეხბურთელებით შეიძლებოდა. გადახედეთ ჩამონათვალს და კომენტარებში გვითხარით, თქვენ ვის დაამატებდით ამ სიას.

#1 ერიკ კანტონა

1995 წელს კრისტალ პალასთან მომხდარი ცნობილი ინციდენტი მაშინ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა - ემე ჟაკემ კარგად გამოიყენა და დისკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ, კანტონა ნაკრებში აღარ დააბრუნა. ‘მეფე ერიკი’ ინგლისში ბრწყინავდა, მაგრამ ნაკრებში არ იძახებდნენ, ჟაკე ახალგაზრდა ზიდანის 10-იანზე დაყენებას იმიზეზებდა. საბოლოოდ, კანტონას სანაკრებო კარიერა უღიმღამო ევრო 92-ით და ამერიკის მუნდიალის საკვალიფიკაციოში ბულგარეთთან ნაჭამი სირცხვილით დასრულდა.

#2 კევინ კიგანი

1970-იანი წლების ფეხბურთის ერთ-ერთმა სიმბოლომ ლივერპულთან ერთად ყველაფერი მოიგო, შემდეგ ჰამბურგში გადავიდა, სადაც ზედიზედ ორჯერ ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. თუმცა, კიგანის დროს ინგლისის ნაკრებმა ზედიზედ 3 დიდი ტურნირის ფინალური ეტაპი გამოტოვა. 1980 წლის ევრო 3-იანზე ითამაშა, მუნდიალზე კი ერთადერთხელ, 1982 წელს 26 წუთით გამოჩნდა, სადაც ინგლისის ნაკრების ნახევარფინალში გაყვანა შეეძლო, თუმცა მომენტების უბადლო გამომყენებელმა, ნაკრებისთვის ყველაზე საჭირო დროს ვერ ივარგა და ნაკრებში თამაშიც ასე დაასრულა.

#3 ბერნდ შუსტერი

შუსტერი 1980 წელს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს კიოლნიდან ბარსელონაში გადავიდა. ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებული სკანდალებიც აქედან დაიწყო - ხან ცოლის მშობიარობა, ხან სამგზავრო პრობლემები, ხან ბარსელონას და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის კონფლიქტები... მოკლედ, შუსტერმა 24 წლის ასაკში ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და ამით ბარსას და რეალის მოთამაშემ, 1982, 1986 და 1990 წლის (ოქროს მედალი) მუნდიალები გამოტოვა. შუსტერი დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სწორედ ამ სანაკრებო დანაკლისის გამო დღეს აღარავის ახსოვს.

#4 ალფრედო დი სტეფანო

დი სტეფანოს ქაოტური სანაკრებო ისტორია არგენტინის ნაკრებით დაიწყო, კოლუმბიით გაგრძელდა და საბოლოოდ ყველაფერი ახალი სამშობლოთი - ესპანეთით დასრულდა. ალფრედო დი სტეფანოს მუნდიალზე არასოდეს უთამაშია და ცუდი მისი საკანრებო ისტორია სწორედ ამიტომაა. 1962 წლის ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რეალის მეგა-ვარსკვლავი ესპანეთს საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულად დაეხმარა, ნატვრა უნდა ახდენოდა, თუმცა ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე ტრავმა მიიღო.

#5 პაოლო დი კანიო

როგორი საცოდაობაა, რომ პაოლო დი კანიოს სკუადრა აძურას ლურჯი მაისური არასოდეს მოურგია. მისი სანაკრებო კარიერა 21-წლამდე გუნდით და B ნაკრებში ჩატარებული 1 მატჩით შემოიფარგლება. მაგრამ ალბათ ყველაფერი მაინც ლოგიკურია - მისი კარიერის პიკი 90-იანების მეორე ნახევარს დაემთხვა და ამ დროს, 'აძურის' წინა ხაზში რა ხალხი დგას, ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ. შემდეგ იუნაიტედს უარი უთხრა, 20 წლის წინ კი ვესტ ჰემიდან იტალიის ნაკრებში ბუნებრივია არავინ გამოიძახებდა. ლაციოდან ალბათ ჰქონდა შანსი, ერთი კეპის მაინც, თუმცა იქ ცაში გაშვერილი ხელით ისეთი ფოტო გადაუღეს, რომ იმ კადრით ნაკრებს არავინ მიაკარებდა.

#6 სტივ მაკმანამანი

მაკმანამანმა ინგლისის ნაკრების ფორმით 3 დიდი ტურნირი ითამაშა, ჯამში კი 7 წლის მანძილზე 37 მატჩი ჩაატარა, რაც ასეთი დონის მოთამაშისთვის არცთუ ისე დიდი რიცხვია. მისი კონფლიქტი ნაკრებში სვენ გორან ერიქსონთან დაიწყო, როდესაც მადრიდის რეალში თამაშობდა. „მსოფლიოს ყველაზე დიდ გუნდში ვთამაშობ, რომლის ფორმითაც, გოლი მსოფლიოს ყველაზე დიდი ტურნირის ფინალში გავიტანე... ნაკრებში ჩამოვდივარ და ნიკ ბარმბის ნაირების გამო სკამზე მტოვებენ.“ - ასე დაემშვიდობა ნაკრებს ლივერპულის და რეალის ყოფილი ვარსკვლავი.

#7 დავიდ ჟინოლა

ჟინოლას სანაკრებო ისტორია მეტად ტრაგიკულია. ინგლისში სახელგანთქმულ ფრანგს, სამშობლოში 1994 წელს ბულგარეთთან ბოლო წამზე დაშვებული შეცდომა არ აპატიეს, რასაც ემილ კოსტადინოვის გოლი მოჰყვა. მაშინ ნაკრების მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პრესკონფერენციაზე მას ‘ფრანგული ფეხბურთის მკვლელი’ უწოდა, პრესამ და ფანებმა ეს ფრაზა აიტაცეს და ჟინოლა ინგლისში გაიქცა. ემე ჯაკე იძახებდა ხოლმე, მაგრამ ძირითადად შეცვლაზე შეჰყავდა, ბოლოს ნაკრებში 1995 წელს ითამაშა და ჯამში 17 კეპი დაუგროვდა, რაც ჟინოლასთვის ძალიან ცოტაა.

#8 ფრანც როთი

ბაიერნის ლეგენდარულ საყრდენს, კლუბის მაისურით 1966-78 წლებში 400-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 100-მდე გოლის გატანა შეძლო. თუმცა, ამ მშრალ სტატისტიკის რომ შევეშვათ, როთი, რომელსაც ბავარიელები ‘ხარს’ ეძახდნენ, დიდი მატჩების ფეხბურთელი გახლდათ - ბაიერნის ფორმით 3 ევროთასის ფინალში აქვს გოლი გატანილი - 2 ჩემპიონთა თასი და 1 თასების მფლობელთა თასი. გასაკვირია, რომ ასეთ კაცს ეროვნული გუნდის მაისურით სულ 4 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 3 ამხანაგური შეხვედრა.

#9 სტივ ბრიუსი

ბრიუსი რაღაცნაირი, უცნაური კარიერის მქონე კაცია, ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 400-ზე მეტი შეხვედრა ითამაშა, აქედან უმეტესობა კაპიტნის რანგში და ნაკრებში ერთხელაც არ გამოიძახეს. აღსანიშნავია, რომ მას როგორც ცენტრალურ მცველს, ერთხელ 19-გოლიანი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მაინც არ დაუძახეს. როდესაც ნაკრებში ტერი ვენეიბლზი დანიშნეს, უკვე ასაკში მყოფ ბრიუსს კოლუმბიასთან სამახსოვრო, მემორიალური გამოძახება შესთავაზეს, მაგრამ ამ წინადადებაზე უარი თქვა, ასეთი გამოძახებას ისევ ცარიელი გრაფა მირჩევნიაო.

#10 ჯორჯ ბესტი

ჩრდილოეთ ირლანდიას, ბუნებრივია, ბევრი არაფერი მოეთხოვება, მაგრამ სადაც ნორმან უაითსაიდმა შეძლო და ნაკრები მუნდიალზე ათამაშა, ჯორჯ ბესტსაც შეეძლო ეროვნული გუნდისთვის რამე ღირებული მიეცა - 39 მატჩში გატანილი 9 გოლის გარდა (4 სამოყვარულო კვიპროსის წინააღმდეგ). მაგრამ როგორც მაშინდელი ჟურნალისტები ამბობენ, ჯორჯს ნაკრებში თამაში დიდად არ ადარდებდა, ხშირად ჩასვლაზე უარს ამბობდა და მხოლოდ ისეთ თამაშებში ერთვებოდა, სადაც გამოწვევას ხედავდა - ინგლისის, ჰოლანდიის, სსრკ-ს და ასეთი გუნდების წინააღმდეგ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები