Thumbnail

თებერვლის ბოლო დღეს წლის პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა ქართული ფეხბურთის მთავარმა იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სპარტაკთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და საგოლე პასიც მიითვალა. იმავე დღეს 2021-ში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების სავარაუდო ახალწვეულმა ჟორჟ მიქაუტაძემ, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ეს კი საიმედო ნიშანია მარტის წინ, ეს თვე ხომ სანაკრებოა - ვილი სანიოლის გუნდი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს...

თებერვალში ყველაზე მეტჯერ თავი დავით ვოლკოვმა გამოიჩინა

იანვარში ქართველმა ლეგიონერებმა (პროფესიულ ლიგებში) ჯამში 15 გოლი გაიტანეს და 12 საგოლე პასიც მიითვალეს. ყველაზე მეტი გოლი ანორთოსისში გენტიდან იჯარით მოთამაშე გიორგი ქვილითაიაზე მოდიოდა.

თებერვალში ქართულ ლეგიონზე 20 გოლი და 9 საგოლე პასია. ამჯერად, ყველაზე მეტი გოლი დავით ვოლკოვმა (ზირე) გაიტანა - 3. სხვათა შორის, იმდენი, რამდენიც იანვარში. ასე რომ, ქართველ ფეხბურთელებში 2021 წელს ყველაზე მეტი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილზე მყოფ გუნდში მოთამაშე ქართველ ფორვარდს აქვს გატანილი.

დავით ვოლკოვი - 5 თამაში, 3 გოლი
ზირე (აზერბაიჯანი). 25 წლის
საშუალოდ 0.6 გოლი მატჩში
€450 000

დავითს ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია, რაც ეროვნულ გუნდში გამტანი ფორვარდების კრიზისს თუ გავიხსენებთ, ცოტა უცნაურია. 2020/21 წლების სეზონში ვოლკოვის ანგარიშზე სულ 10 გოლი და 3 ასისტია. მას 21 იანვრიდან მოყოლებული ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩში გააქვს (სულ 4 გოლი). ბოლოს ვოლკოვის გოლით ზირემ ლიდერ ნეფთჩის 1:0 მოუგო. 

📺 ვოლკოვის გოლი საბახის კარში

2021 წელს დავით ვოლკოვმა ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 6. ეს მან 7 მატჩში (0.86 საშუალოდ) მოახერხა. 

📺 ვოლკოვის გოლი კეშლიას კარში

📺 ვოლკოვის გოლი ნეფთჩის კარში

გიორგი ბერიძე - 7 თამაში, 2 გოლი, 1 პასი
უიპეშტი (უნგრეთი). 23 წლის
საშუალოდ 0.28 გოლი მატჩში
€450 000

ბელგიური გენტიდან უნგრულ უიპეშტში გადასული გიორგი ბერიძე კარგად თამაშობს. ამ სეზონში მას NB I-სა და უნგეთის თასზე ჯამში 10 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა. თებერვალში მან გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაკარგული ადგილი დაიბრუნა. გიორგიმ თასზე პუშკაშ აკადემიას გაუტანა, ხოლო ჩემპიონატში პაკშისთან გოლი პლუს პასი მიითვალა. 

📺 გიორგი ბერიძის გოლი და პასი პაკშისთან

თორნიკე ოქრიაშვილი - 4 თამაში, 2 გოლი
ანორთოსისი (კვიპროსი). 29 წლის
საშუალოდ 0.5 გოლი მატჩში
€1 000 000

მან ტრავმის გამო ჩემპიონატში ზედიზედ 12 მატჩი გამოტოვა, რაც ქეცბაიას გუნდს ძალიან დაეტყო. ოქრიაშვილი გუნდის ლიდერია და მან პარალიმნისთან დუბლით ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რაც თორნიკე დაბრუნდა, ანორთოსისი დაუმარცხებელია. 

📺 თორნიკე ოქრიაშვილის დუბლი პარალიმნისთან

ბაჩანა არაბული - 5 თამაში, 2 გოლი
ლამია (საბერძნეთი). 27 წლის
საშუალოდ 0.4 გოლი მატჩში
€400 000

არაბულის გუნდი ბერძნულ სუპერ ლიგაში აუტსაიდერთა შორისაა, თუმცა ქართველი ფორვარდის წყალობით ელიტაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. აელ-ს ლამიამ არაბულის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო, ისევე, როგორც მანამდე აპოლონს. ამ ორი გოლით ბაჩანამ ლამიას პირადად მოუტანა 6 ქულა. 

📺 ბაჩანა არაბულის გოლი აელ-თან

ოთარ კიტეიშვილი - 4 თამაში, 1 გოლი, 1 პასი
შტურმი (ავსტრია). 24 წლის
საშუალოდ 0.25 გოლი მატჩში
€3 000 000

შტურმის შემტევმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში ამ სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. თებერვალში მან რიდის კარში გაიტანა, ხოლო ვიენასთან სათასო მატჩში თავი საგოლე პასით გამოიჩინა. სამწუხაროთ, კიტეიშვილი დაშავდა და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, ის მარტის სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს. 

იანვრის საუკეთესო ქართველი ლეგიონერის, გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე ამჯერად 1 გოლი და 1 პასია. თითო გოლი გაიტანეს:  ბუდუ ზივზივაძემ, მერაბ გიგაურმა, ლევან ელოშვილმა, ლევან კუტალიამ, ნიკოლაი ყიფიანმა (მას ასისტიც ჰქონდა), ნიკა სიჭინავამ (პლუს პენალტიც მოიპოვა), მათე ცინცაძემ, გიორგი გაგუამ და ჟორჟ მიქაუტაძემ. 

📺 ქვილითაიას გოლი და დაუშვილის საგოლე პასი

თითო საგოლე პასი ჰქონდათ: ბუბა დაუშვილს, ნიკა ნინუას, ლევან შენგელიას, საბა ლობჟანიძეს და ხვიჩა კვარაცხელიას. 

📺 ხვიჩა კვარაცხელიას პასი სპარტაკთან

ეროვნული ლიგა და სუპერთასი

თებერვლის მიწურულს ეროვნული ლიგის 33-ე გათამაშება დაიწყო. ამ თვეში სულ 5 გოლი გავიდა: სერგო კუხიანიძე (სამგურალი), გიორგი გაბედავა (დინამო თბილისი), თორნიკე კაპანაძე (დილა), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი) და შოთა შეყილაძე (თელავი). სუპერთასზე, რომელიც თებერვალში გაიმართა, თავი გაბედავამ, გიორგი ქობულაძემ და ლუკა ნოზაძემ (ორივე - გაგრა) გამოიჩინეს. რამდენიმე თამაშს თავად ვილი სანიოლი ესწრებოდა.

📺 გრიგოლ ჩაბრაძის გოლი ტორპედოსთან

საინტერესო ფაქტები

⚽ დავით ვოლკოვს (ზირე) აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 4-მატჩიანი გოლების სერია ჰქონდა.

⚽ თებერვალში მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა (ანორთოსისი) შეასრულა დუბლი.

⚽ 2021 წელს ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი გოლი დავით ვოლკოვმა (ზირე) გაიტანა 6. მეორე ადგილზეა გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი) 5 გოლით. 4 გოლი აქვს გატანილი ბაჩანა არაბულს (ლამია). 

⚽ ჟორჟ მიქაუტაძემ (სერენი) ოფიციალურ მატჩებში 4 დეკემბრის შემდეგ პირველად 28 თებერვალს გაიტანა. 

⚽ 2021 წელს ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს საბა ლობჟანიძეს (ანკარაგიუჯუ) - 5. 

⚽ ეროვნულ ჩემპიონატსა და სუპერთასზე თებერვალში 8 ქართული გოლი გავიდა, 2 გოლი გიორგი გაბედავას (დინამო თბილისი) ანგარიშზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები