Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩს პირველი ჩოგნის რანგში 310 კვირა დაუგროვდა
  • სერბი მომავალ ორშაბათს ფედერერს გადაასწრებს

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახლა უკვე ოფიციალურად გაიმეორა როჯერ ფედერერის რეკორდი და შვეიცარიელთან ერთად გახდა მეორე ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელსაც მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე 310 კვირა აქვს გატარებული. უკვე ცხადია, რომ 33 წლის სერბი მომავალ ორშაბათს ფედერერის ამ რეკორდს მოხსნის.

ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი პირველად 2011 წლის 4 ივლისს მოიპოვა - როცა პირველად მოიგო უიმბლდონის ღია პირველობა. დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებული მსოფლიოს რეიტინგში ბოლოს 2020 წლის 3 თებერვალს გალიდერდა და მას მერე პირველ ადგილზეა.

‘ნოლე’ ახლა ფედერერისა და რაფაელ ნადალის დიდ რეკორდს უმიზნებს. როგორც იცით, ყველაზე მეტი დიდი სლემი სწორედ შვეიცარიელს და ესპანელს აქვთ (20-20) მოგებული, ჯოკოვიჩის ანგარიშზე კი 18 დიდი სლემია.

ვინ რამდენი კვირა იყო პირველ ადგილზე (TOP 5)

1. როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი - 310
2. პიტ სამპრასი - 286
3. ივან ლენდლი - 270
4. ჯიმი კონორსი - 268
5. რაფაელ ნადალი - 209

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ისევ მე-40 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები