Thumbnail

'იუვემ რაგბი ითამაშა' - კაპელო ტურინელთა პრობლემას ორ ფეხბურთელში ხედავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსის შესახებ ილაპარაკა. ტურინელთა ყოფილი თავკაცი (2004-06 წლებში) ფიქრობს, რომ ანდრეა პირლოს გუნდი უფრო სუსტია, ვიდრე შარშან მაურიციო სარის იუვე იყო და უპირველესად, პრობლემას ნახევარდაცვაში ხარისხის არარსებობას უკავშირებს.

"ჩემი აზრით, პირლოს იუვე გაცილებით სუსტია, ვიდრე ალეგრის და სარის გუნდი იყო, რადგან ნახევარდაცვაში ნაკლები ხარისხი აქვს. ამ ზონაში რაღაც ნაკლებია, ვგულისხმობ ორ მოთამაშეს (რაბიო და ბენტანკური). ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან ერთადერთი კიეზა იწვევს სხვაობას, რომელსაც პირველი-ორი თვე სირთულეები ჰქონდა ადაპტაციასთან დაკავშირებით და იმის გასაგებად, თუ სად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ თავი გამოიჩინა. სწორედ კიეზა და რონალდო ქმნიან სხვაობას, სხვებს აქამდე ეს არ გაუკეთებიათ. იუვეს ძალიან აკლია დიბალა. ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია თამაშის შექმნა, დრიბლინგი და პასების გაკეთება.

დიბალას ტრავმა აქვს და არავინ იცის, როდის დაბრუნდება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი კუადრადოა. მის გარეშე ამ გუნდს სისწრაფე აკლია. ეს განსაკუთრებით პორტუსთან მატჩში გამოჩნდა, როდესაც იუვემ რაგბი ითამაშა. რონალდომაც ალბათ, ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა იუვენტუსის მაისურით.

პირლო ადრე გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებდა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა უკვე იპოვა სწორი გზა გუნდის სათამაშოდ, თუმცა მას აკლია რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ტრავმირებულნი არიან და ამიტომაც, ვერ ახერხებს იმ იდეის მოედანზე გადატანას, რაც გონებაში აქვს", - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი სერია A-ში 24 ტურის შემდეგ 46 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ბერგამოს ატალანტასთან ერთად იყოფს და ლიდერ ინტერს უკვე 10 ქულით ჩამორჩება. ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი მატჩი პორტუსთან ანგარიშით 1:2 წააგეს და შინ 9 მარტს საპასუხო თამაში ელოდებათ. პარალელურად, "ბებერმა ქალბატონმა" იტალიის თასის ფინალში გასვლა შეძლო და იტალიის სუპერთასი მოიგო. იუვე 2 მარტს სერია A-ს მორიგ ტურში სპეციას დაუპირისპირდება.

📺 ვერონა 1:1 იუვენტუსი [მიმოხილვა]

 

კომენტარები

ბოლო ამბები