Thumbnail

ბარსელონას ექს-პრეზიდენტი დააკავეს - კლუბის ოფისი გაჩხრიკეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანური მედიის ცნობით, ხოსეპ მარია ბარტომეუ დააკავეს
  • კატალონიური კლუბის მთავარ ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ დაპატიმრებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ბარტომეუსთან ერთად, დაკავებულები არიან კატალონიური კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ, ასევე რომანე გომეს პონტი, რომელიც პასუხისმგებელი ბარსელონას იურიდიულ ოპერაციებზე იყო.

ფუნქციონერთა დაკავება დაკავშირებულია ჩხრეკასთან, რომელიც ბარსელონას მთავარ ოფისში 1-ელ მარტს ჩატარდა. გამოძიების ვერსიით, ბარტომუ კორუპციული საქმიანობით იყო დაკავებული და კლუბის სახელით გარიგებებს პირადი გამორჩენის მიზნით ახორციელებდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელებმა დააარსეს კომპანია, რომლის მიზანი იმ ადამიანების ცილისწამება იყო, რომლებიც ბარტომეუს აკრიტიკებდნენ. სიაში მოხვდნენ გუნდის მცველი ჟერარდ პიკე და თავდამსხმელი ლიონელ მესი. 

ბარსადან ბარტომეუს წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მესისთან უთანხმოება იყო

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ მარია ბარტომეუმ ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა და ის გასული წლის ოქტომბერში დატოვა. კატალონიური კლუბის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 7 მარტს უნდა გაიმართოს.

კომენტარები

ბოლო ამბები