Thumbnail
  • ლივერპულმა წაგებათა სერია შეწყვიტა და ჩელსისთან ტოპმატჩისთვის ემზადება
  • იურგენ კლოპის გუნდისთვის ეს ფაქტობრივად ფინალის ტოლფასი თამაშია

ლივერპულმა, როგორც იქნა, მოიგო! პრემიერლიგაში ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, მერსისაიდელებმა აუტსაიდერი შეფილდ იუნაიტედი 2:0 დაამარცხეს. მართალია, მეტოქე ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდი იყო, მაგრამ ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მაინც ძალიან კმაყოფილია და ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა.

“ბევრმა ჩამოგვწერა და ეს მისაღებია. თუმცა ძალიან ბევრი პრობლემის მიუხედავად, მაინც ბრძოლაში ვართ,” - განაცხადა გერმანელმა. მისი გუნდი ამ მოგებით საუკეთესო ოთხეულს მიუახლოვდა - ლივერპული 43 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მეოთხე პოზიციაზე მყოფ ვესტ ჰემს ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მათ შორის კი ჩელსია, რომელსაც ლივერპულზე ერთი ქულით მეტი აქვს. ხუთშაბათს კლოპის გუნდი სწორედ ჩელსის ეთამაშება და ეს კლოპის გუნდისთვის ფაქტობრივად ფინალის ტოლფასი მატჩია, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.


“ხუთშაბათს ჩელსის ვეთამაშებით და ისევ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რა შეგვიძლია კრიზისულ მდგომარეობაში. ვიცით, რომ თამაშები უნდა მოვიგოთ - შედეგების გარეშე ჩემპიონთა ლიგაში ვერავინ გადის,” - ამბობს კლოპი.

ჩელსისთან გადამწყვეტი მატჩისთვის გერმანელს დიოგო ჟოტას,  დაბრუნების იმედი აქვს. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდეს ფაბინიო, რადგან მერსისაიდელებს უკანა ხაზში ყველაზე მეტად უჭირთ. და, რა თქმა უნდა, პირველი მეკარე ალისონ ბეკერიც, რომელმაც შეფილდთან მატჩი მამის გარდაცვალების გამო გამოტოვა. კლოპი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ ფაბინიო და ალისონი ჩელსისთან ითამაშებენ. ჟოტას თამაში კი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კომენტარები

ბოლო ამბები