Thumbnail

'ვურჩევ, არ აჩქარდეს' - უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელი გიორგი წიტაიშვილზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და კიევის დინამოს გარემარბი გიორგი წიტაიშვილი ქართულ პასპორტს ელოდება, რათა საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. ამ ამბავს, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, გამოხმაურება მოჰყვა - 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად იჯარით პოლტავის ვორსკლაში თამაშობს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ბუნებრივია, უკრაინელებს მისი ხელიდან გაშვება არ სურთ.

გიორგი წიტაიშვილთან დაკავშირებით აზრი უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და დნიპროს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმაც გამოთქვა, რომელიც ამჟამად ფედერაციაში ნაკრებების კომიტეტს ხელმძღძღვანელობს. მარკევჩი გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაშს არ ურჩევს.

20 წლის გარემარბი სეზონის ბოლომდე იჯარით ვორსკლაში გამოდის

"ძალიან დელიკატური თემაა. პირველ რიგში, ეს ფეხბურთელის პოზიციაზე, მის უახლოეს ნათესავებზეა დამოკიდებული. თუკი მას მოქალაქეობის შეცვლა სერიოზულად გადაწყვეტილი აქვს, მისი გადარწმუნება ძნელი იქნება. ყველა თავად ირჩევს თავის გზას. 

წიტაიშვილი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გიორგი ამბიციური ბიჭია და როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ მომავალში კიევის დინამოს ძირითადში დამკვიდრებას შეძლებს. მაგრამ მირჩა ლუჩესკუს მოსვლის შემდეგ, გუნდში მისი - როტაციის მოთამაშის პოზიცია არ შეიცვალა. იმის გამო, რომ წიტაიშვილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ჰქონოდა, იჯარით ვორსკლაში გაუშვეს.
 
გიორგიმ ინტერვიუში თქვა, რომ პოლტავაში ყველაფერი აკმაყოფილებს, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ საერთაშორისო არენაზე აღიარებას უფრო სწრაფად მიაღწიოს, თუკი საქართველოს ნაკრებში გამოვა. ვურჩევდი, რომ არ აჩქარდეს. აჯობებს, თავისი თამაშით დაამტკიცოს, რომ დინამოში წამყვან როლს იმსახურებს. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მისთვის კარი ადვილად გაიღება. ახლა კი, სიმართლე ვთქვათ, მას გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს ქვეყნის მთავარი გუნდის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მის პოზიციაზე უკვე გამოდიან. არამხოლოდ უკრაინის,  ნებისმიერ ნაკრებში თამაშის უფლება უნდა დაიმსახურო", - ამბობს მარკევიჩი უკრაინულ მედიასთან

გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოს აღზრდილია

გიორგი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. ის ისრაელშია დაბადებული, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დრომდე ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. გიორგიმ უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები