Thumbnail
  • პაოლო მალდინიმ მილანის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
  • იბრაჰიმოვიჩის სან რემოს ფესტივალზე მონაწილეობა თავიდანვე შეთანხმებული იყო
  • კლუბი ზლატანის, დონარუმას და ჩალჰანოღლუს კონტრაქტებზე მუშაობს

ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ, ამჟამად მილანის სპორტულმა დირექტორმა, თავისი კლუბის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ინტერვიუში მან კლუბში არსებული სიტუაციაც განიხილა. რომასთან თამაშის მერე მთავარი ამბავი გუნდის კაპიტნის, ალესიო რომანიოლის სათადარიგოთა სკამზე დატოვება და მის ნაცვლად ახალწვეული ფიკაიო ტომორის თამაში გახდა. მალდინი ამ თემასაც შეეხო.

მალდინი: "საბედნიეროდ, იმ კლუბში ვმუშაობ, რომელიც მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია. როცა მილანი რეკავს, ფეხბურთელები უსმენენ. ტომორიც იოლად დათანხმდა ჩელსიდან იჯარას. რა თქმა უნდა, რომანიოლი არ არის ბედნიერი. არცერთ მოთამაშეს არ უხარია, როცა არ თამაშობს, მაგრამ მილანს ამ სეზონში 17 ქულით მეტი აქვს, ვიდრე გასულ წელს და მეორე ადგილზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმები გვქონდა. როტაცია აუცილებელია და რომანიოლიმაც აქამდე თითქმის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა."

იტალიური პრესა ზლატან იბრაჰიმოვიჩს სასტიკად აკრიტიკებს სან რემოს ფესტივალზე მონაწილეობის გამო. მალდინი ამ საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ ზლატანი ამაში დამნაშავე არ არის.

ზლატანს ამ კვირაში ფესტივალზე სიარულიც მოუწევს და ვარჯიშებიც

მალდინი: "სან რემოს გარდა, ზლატანზე ისედაც დიდი ზეწოლაა, მისგან ყველა შეხვედრაში კარგ თამაშს ელოდებიან. არ უარვყოფ, უცნაური კვირაა, მაგრამ ის არ დაუშვებს, რომ ფესტივალმა მის თამაშზე გავლენა მოახდინოს. წინა წელს კლუბში შექმნილი სიტუაციის გამო ჩვენ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება დავაგვიანეთ - ეს ჩვენი ბრალი იყო. როცა კონტრაქტს ხელს აწერდა, გვითხრა, რომ ფესტივალს მონაწილეობის შესახებ უკვე შეუთანხმდა და შემდეგ წელს ამ დროს ეს საქმეც ექნებოდა. ეჭვი არ გვეპარება, რომ ის ისეთი პროფესიონალია, ამ პრობლემას იოლად გადაჭრის."

მალდინის კითხვა დონარუმას და ჩალჰანოღლუს კონტრაქტებზეც დაუსვეს. ხელშეკრულება ორივეს სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ამ საკითხზე მილანის დირექტორს კონკრეტული ბევრი არაფერი უთქვამს.

მალდინი: "ჩვენ ტომორის გამოსყიდვა შეგვიძლია. მის თამაშს ვაფასებთ და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ. რაც შეეხება იმ კონტრაქტებს, რომლებიც ამ სეზონის შემდეგ იწურება, მათ გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ, მათ შორის ზლატანთანაც, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი.'

კომენტარები

ბოლო ამბები