Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 105:100 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • იანის ანტეტოკუნმპომ 36 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა
  • დაძაბული თამაში ბოლო წამებზე იანისის 'დანქით' გადაწყდა

NBA-ს მორიგი სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონობის ორი პრეტენდენტი, მილუოკი და კლიპერსი ხვდებოდნენ. დაძაბული თამაში გამოვიდა, რომელშიც ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ჯერ მილუოკი იყო წინ, თუმცა მესამე მეოთხედში კლიპერსი 21:6 გაიქცა. ბაქსმა ბოლო მეოთხედში შთამბეჭდავი დაცვა ითამაშა, მეტოქეს მხოლოდ 19 ქულა ჩააგდებინა და მატჩის ბოლოს ლიდერობაც დაიბრუნა. მილუოკი ერთ ქულას იგებდა, როცა თავის ბოლო შეტევაში იანისმა შთამბეჭდავი 'დანქით' სხვაობა სამ ქულამდე გაზარდა. საპასუხო შეტევაში კავაი ლეონარდის სამიანი არ ჩავარდა და 'ბაქსმა' გამარჯვებას მიაღწია.

ძალიან შთამბეჭდავი იყო იანისი, რომელსაც 36 ქულა, 14 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. მან 36 ქულა 27 სროლაში დააგროვა და თანაც NBA-ს სტანდარტით დაბალშედეგიან მატჩში, როცა მისმა გუნდმა სულ 105 ქულა ჩააგდო. Greek Freak-მა 27-დან 15 სროლა გამოიყენა, მათ შორის 18-დან 13 ორქულიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე რამდენიმე ძალიან შთამბეჭდავი ჩატენვა და ივიცა ზუბაცზე ეპიკური დაფარებაა. სამწამიანში კლიპერსი იანისს ვერაფერს უხერხებდა. ბერძენს 19 ქულით დაეხმარა კრის მიდლტონი.

კლიპერსიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ 26 ქულით და 9 მოხსნით. თუმცა, კავაი არცთუ ისე კარგად ისროდა - 25 ქულის ჩასაგდებად მას 21 სროლა დასჭირდა. თამაში არ წაუვიდა პოლ ჯორჯს, რომელმაც 21 სროლიდან მხოლოდ 7 ჩააგდო (მათ შორის 10-დან 2 სამქულიანი) და თამაში 16 ქულით დაასრულა.

კლიპერსმა მეტოქეზე 12 სროლით მეტი შეასრულა (97-85) და 13-ჯერ მოხსნა მეტოქის ფარზე ბურთი, თუმცა მაინც წააგო, რადგან მილუოკი უფრო ზუსტად ისროდა (44 პროცენტი 41-ის წინააღმდეგ) და უფრო ხშირად იდგა საჯარიმო ხაზზე (22 საჯარიმო სროლა კლიპერსის 7 სროლის წინააღმდეგ).

ორივე გუნდი ცუდად, მხოლოდ 31 პროცენტით, ისროდა პერიმეტრიდან, რამაც თამაშის დაბალშედეგიანობა განაპირობა.

კომენტარები

ბოლო ამბები