Thumbnail
  • იოახიმ ლიოვმა თომას მიულერის ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა
  • ბუნდესმწვრთნელის თქმით, შესაძლოა, ეს სწორი ნაბიჯი იყოს

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ბოლო დროს თითქმის მთელი საფეხბურთო გერმანია მოუწოდებს, რომ თომას მიულერი ბუნდესგუნდში დააბრუნოს. იოგი აქამდე შეუვალი იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, თვითონაც დაფიქრდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება.

“როცა მწვრთნელი ძირეულ ცვლილებებს იწყებს, ეს პროცესი აღარ უნდა შეწყვიტოს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებების შეცვლა ყოველთვის შეიძლება,” - განაცხადა ლიოვმა გადაცემა ARD Sportschau-ში და დაამატა: “უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიამ თითქმის ერთი წელი მოგვპარა. ასე რომ, მართლა შესაძლებელია, დავფიქრდეთ, ხომ არ იქნება სწორი, რომ თაობათა ცვლის პროცესი ცოტა ხნით შეწყდეს, თუკი ამის საჭიროებაა.”

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი

ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრების დამრიგებელი ფაქტობრივად კარს უღებს მიულერს, რომელიც ბაიერნის ლიდერია და რომლის ნაკრებში დაბრუნებას იოგი ბოლო დროს ყოველთვის უარით პასუხობდა. ლიოვი საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს, როცა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადს დაასახელებს.

თომას მიულერთან ერთად, გერმანიაში ფიქრობენ, რომ ნაკრებში დაბრუნებას ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსიც იმსახურებენ. შეგახსენებთ, რომ ლიოვმა ბუნდესგუნდიდან ეს ტრიო 2019 წლის მარტში მოკვეთა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები